15 წლის მოზარდის გარდაცვალება

პრეზიდენტი 15 წლის ბიჭზე: ამდენმა ლანძღვამ, უიმედობამ არ შეიძლება გაიაროს, რომ არ დატოვოს კვალი

საქართველოს პრეზიდენტი 15 წლის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილმა ოჯახს მიუსამძიმრა და მედიასთან თქვა, რომ "ამდენი ლანძღვა, უნდობლობა, დაუნდობლობა, უიმედობა არ შეიძლება რომ გაიაროს ისე, რომ არ დატოვოს თავისი კვალი".

"ვუსამძიმრებ მთელ მის ოჯახს, დედას, ძმას და ყველა მის მეგობრებს და საზოგადოებას. იმიტომ რომ 15 წლის ბავშვის გარდაცვალება ეს არის საზოგადოებისთვის ტრაგედია და მე მგონი, ყველას გვმართებს, რომ ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენი ლანძღვა, უნდობლობა, დაუნდობლობა, უიმედობა არ შეიძლება რომ გაიაროს ისე, რომ არ დატოვოს თავისი კვალი და ეს არის კვალი. იმის მაგივრად, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე ვიფიქროთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა 11 დეკემბერს სცადა, მას შემდეგ, რაც მწვანე სკოლაში კედლებისა და საკლასო ოთახების მოხატვის ბრალდებით, პოლიციაში გამოკითხეს. ლუკა სირაძე რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 17 დეკემბერს კი გარდაიცვალა.

ოჯახისა და ადვოკატის ინფორმაციას, რომ არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა და მას "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ, თავდაპირველად სამართალდამცავი უწყებები უარყოფდნენ. თუმცა, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ გამომძიებელი მოზარდს ექვს საათზე მეტხანს, გვიან ღამემდე კითხავდა და ემუქრებოდა. ლონდა თოლორაიას ინფორმაციითვე, ლუკა სირაძის გამოკითხვას არ ესწრებოდა ფსიქოლოგი, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში კი ის პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშეც იმყოფებოდა.

არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეს სწორედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ჩვენების იძულებით მიღების ბრალდებით უწყებამ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ის ბრალს არ აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მტკიცებით, მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მარიანა ჩოლოიანის გარდა, კიდევ მინიმუმ სამი პოლიციელი ახდენდა. გარდა ამისა, საია აღნიშნავს, რომ სისტემაში მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა უნდა აიღოს და გადადგეს. 

კომენტარები