სამთავრობო პროპაგანდა

მდინარაძე: ენმ ყალბ ინფორმაციას წერს ჩვენს პარტნიორებს, რათა მთავრობაზე ნეგატიურად ისაუბრონ

0 კომენტარი
ფოტო: ქართული ოცნება

პარლამენტის ვიცე სპიკერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "იმ ჯგუფთან, რომელზეც facebook-ის ოფიციალურ განცხადებაშია ლაპარაკი, პარტია ,,ქართულ ოცნებას” და მის მენეჯმენტს, არც ოფიციალურ (ფორმალურ) დონეზე და არც არაოფიციალურად, არანაირი ურთიერთობა არ აქვს".

მდინარაძე ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს იმაში, რომ Facebook-მა 20 დეკემბერს ასობით გვერდი და პროფილი გააუქმა, რომლებიც დეზინფორმაციას და მანიპულაციურ ინფორმაციას ავრცელებდნენ და ქართული ოცნების ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულები.

მდინარაძე ფიქრობს, რომ "გაუქმებული ანგარიშების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერდა ხელისუფლებას ან ავრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას ნაცმოძრაობასა და მის დანაყოფებზე (რაც პრინციპში არც დიდ სირთულეს წარმოადგენს და არც ტყუილების თქმას საჭიროებს)".

მისი თქმით, იმას, რომ ამ გვერდების გაუქმენა ენმ-ის ბრალია, ისიც ამტკიცებს, რომ "გაუქმებული არ არის "ნაცმოძრაობის არც ერთი ბოტი, ფეიკ-გვერდი თუ ყალბი ანგარიში, რომლებიც პირდაპირ ეწევიან დეზინფორმაციის გავრცელებას და სიძულვილის ენის ტირაჟირებას".

"მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობამ და მისმა დანაყოფებმა ქვეყნის შიგნით ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე განიცადეს სრული ფიასკო, დაკარგეს ის მხარდამჭერებიც, რაც აქამდე ყავდათ, ბოლო კვირების განმავლობაში ისტერიულად, პერსონალურად წერენ ნეგატიურ და ყალბ ინფორმაციებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კონკრეტულ წარმომადგენლებს თხოვნით - მათ გააკეთონ ნეგატიური კომენტარები საქართველოს ხელისუფლებაზე. ბოლო დღეებში შეგვიძლია გავიხსენოთ დასავლური ოფიციოზის პოზიციისგან განსხვავებული ერთი-ორი ასეთი განცხადებაც.

ასევე, ბოლო კვირების განმავლობაში მთელი მათი პარტიული აქტივი (თავისი ბოტ-ტროლებით და ფეიკ-გვერდებით) ისტერიულად არეპორტებს ყველა იმ facebook მომხმარებელს და გვერდს, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერას სახელისუფლებო წრეების მიმართ და წერენ ნეგატიურად ნაცმოძრაობაზე.

ამის დასტურია ისიც, რომ ნაცმოძრაობის არც ერთი ბოტი, ფეიკ-გვერდი თუ ყალბი ანგარიში, რომლებიც პირდაპირ ეწევიან დეზინფორმაციის გავრცელებას და სიძულვილის ენის ტირაჟირებას, facebook-ის მიერ გაუქმებული არ არის.

facebook-მა, საქართველოს გარდა, გააუქმა აშშ-ს და ვიეტნამის არაავთენტური ანგარიშებიც.

ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა რეგულაციებზე, რომლებიც საზოგადოების დეზინფორმაციის პრევენციას მოახდენენ. დარწმუნებული ვარ, მალევე გამოჩნდებიან ამის წინააღმდეგ წამსვლელი ადამიანები და იტყვიან, რომ რისკის ქვეშ დგება სიტყვის თავისუფლება. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომელი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იქნებიან ეს ადამიანები.

P. S. იმის მიუხედავად, რომ მოცლილი ხალხისთვის (სხვა საქმე ვისაც არ აქვს) არაავთენტური ანგარიშების დარეპორტება და გაუქმება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, დღეს facebook-ში ზეიმი აქვთ ნაცებს, მათ ბოტებს და ტროლებს, “ოცნების” ბოტები და ტროლები გააუქმესო. სინამდვილეში ,,ქართულ ოცნებას” ნაც.მოძრაობის და მისი სატელიტებისგან განსხვავებით, მხარს ბოტები და ვირტუალური ადამიანები კი არ უჭერენ, არამედ ნამდვილები. ნამდვილები, რომლებსაც ვერავინ ვერასდროს მოერევა და ვერავინ ვერასდროს გააუქმებს!", - წერს მდინარაძე.

20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

მოგვიანებით განცხადება გააკეთა ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ და თქვა, რომ "Facebook აგრძელებს არაავთენტური ქცევის შესწავლას და, სავარაუდოდ, კვლავ მიიღებს ზომებს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები