ვაჟა გაფრინდაშვილი

ზალკალიანი: მიღებული ზომების შემდეგ იმედი გვქონდა, რომ გაფრინდაშვილი გათავისუფლდებოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული ზომებიც გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხერხდებოდა.

"ბატონი ვაჟას საკითხი არის ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი პრობლემა, ჩვენი ყოველი სამუშაო დღე იწყება ამ საკითხით. ჩვენ მუდმივად ვართ კავშირზე ევროპელ და არა მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან, რადგან ეს უკანონო პატიმრობა, უკანონო ტყვეობა არი მიუღებელი მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ჩვენ ჩვენს ხელთ არსებულ მაქსიმალურ მექანიზმებს ვიყენებთ იმისთვის, რომ მოხდეს ბატონი ვაჟას დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

მე მქონდა იმედი, გამომდინარე იმ ზომებით, რა ზომებიც იყო ამოქმედებული საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების კუთხით, რომ ბატონი ვაჟა უკვე სახლში უნდა ყოფილიყო. ამის თქმის საფუძველს მაძლევდა ის კონტაქტები, რომლებიც მქონდა ჩემს პარტნიორებთან, ზეწოლა, რომლიც იყო საერთაშორისო არენაზე იმ ძალასთან მიმართებაში, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თუმცა, მისივე თქმით, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ საქმე გვაქვს საოკუპაციო ძალასთან, საოკუპაციო რეჟიმთან, რომლისთვისაც საერთაშორისო სამართლის ნორმები, ადამიანის უფლებები, თავისუფალი გადაადგილება არაფერს ნიშნავს.

ზალკალიანმა თქვა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას იყენებს, რათა საქართველოს ხელისუფლება ე.წ საზღვრის დადგენის პროცესში ჩაითრიოს.

"საოკუპაციო რეჟიმი ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ თბილისი და ჩვენი დელეგაცია წაიყოლიონ იმ პროცესში, რომელსაც ისინი უწოდებენ დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესს. ამაზე ისინი ხშირად საუბრობენ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესში არავითარ შემთხვევაში არ შევყვებით. ისინი ყველა ხერხს მიმართავენ, რომ ჩაგვითრიონ ამ პროვოკაციაში. ფაქტია, რომ ბატონი ვაჟას დაკავება ამ დიდი სურათის ნაწილია, იმის ნაწილია, რომ შეგვიყვანონ პროვოკაციაში და იმ უკანონო, არამართლზომიერ მოქმედებაში, რასაც, მათი გამოდსახედიდან ქვია დემარკაცია-რელიმიტაციის საკითხი. ისინი მსგავსი პროცესებით მუდმივად ახერხებენ და ცდილობენ, პრობლემები შექმნან ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ყველას, თითოეულ მოქალაქეს.

ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ეს უკანონო პატიმრობა, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა დარჩეს უპასუხოდ" - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საოკუპაციო რეჟიმი გაფრინდაშვილს ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა გატაცების შემდეგ ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით.

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები