სოსო გოგაშვილი

გოგაშვილი: პანკისის და სალოსის ქუჩის სპეცოპერაციებზე შოკისმომგვრელ სიმართლეს ვიტყვი

0 კომენტარი
სოსო გოგაშვილი ფოტო: ინტერპრესნიუსი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩისა და პანკისის სპეცოპერაციების შესახებ სიმართლეს იტყვის, რომელიც შესაძლოა ბევრისთვის შოკისმომგვრელიც აღმოჩნდეს.

გოგაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებით მისი დუმილი ნაყიდი არ არის, ის უბრალოდ ცდილობს, პროკურატურას გამოძიების დასრულება აცალოს და იმედი აქვს, რომ ეს მალე მოხდება.

სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ აპირებს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომ ალაპარაკდეს.

"მწერენ ძალიან ბევრნი და მეკითხებიან, რატომ არაფერს არ ვამბობ, რატომ ვარ ჩუმად, დამნაშავე ვარ, არა ვარ, რატომ არ ვხსნი იმას, თუ რა მოხდა სალოსის ქუჩის და პანკისის(არა მარტო) სპეცოპერაციის დროს.

მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ჩემი დუმილი ნაყიდი არაა!!!! მე ძალიან ბევრი მაქვს სალაპარაკო და ბევრ რამეს შემიძლია ავხადო ფარდა, ის რაც არ იცის საზოგადოებამ და ის რაც არ ჩანს ყველასთვის, მაგრამ იქამდე სანამ პროკურატურა არ დაასრულებს გამოძიებას და არ დაიდება დასკვნა (იმედია მალე!!!), მე არანაირ განმარტებას და კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ხელი არ შევუშალო ამ საქმის მსვლელობას.

დამერწმუნეთ, რომ არაა მარტივი აიტანო ის სიბინძურე და ცილისწამება, რომელსაც ანთხევენ უღირსი და სულიერად, თუ ხორციელად ყოვლად გახრწნილი ბინძური სულის ადამიანები, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ.

თქვენ ყველა ძალიან მალე დარწმუნდებით ჩემს სიმართლეში, სისუფთავეში და ერთგულებაში ქვეყნის მიმართ.ის ხალხი რომელიც ამას კადრულობს, ისეთ დღეში ჩავარდებიან, რომ რუსთაველზე კი არა, ვერსად ვერ გამოყოფენ თავს!! ამ ხალხში არიან, როგორც დაინტერესებული და დავალება მიღებული პერსონები, ასევე “გუნდის” წევრებიც, ასე რომ დაველოდოთ,

მალე გაიგებთ სიმართლეს, ბევრისთვის ეს შეიძლება შოკისმომგვრელიც კი იყოს, მაგრამ სიმართლე სიმართლეა! და ეს სიმართლე ქვეყანას არ დააზიანებს, პირიქით უთქმელობა აზიანებს ქვეყანას", - წერს გოგაშვილი.

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს მალხაზ მაჩალიკაშვლი 2017 წლის 26 დეკემბრის პანკისის სპეცოპერაციის ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს.

ამ დღეს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს - მას სპცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ოფიციალური ვერსიით, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა სცადა და სროლაც ამიტომ მოხდა.

სუს-ი უარყოფს, რომ სპეცოპერაციას გოგაშვილი ხელმძღვანელობდა, თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები კი ამბობენ, რომ სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან სოსო გოგაშვილი ამოიცნეს.

თავში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან რამდენიმე კვირაში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

რაც შეეხება სპეცოპერაციას გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - ის პანკისის სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე ჩატარდა - 2017 წლის 21 ნოემბრის ღამიდან მიმდინარეობდა და 22 ნოემბრის საღამოს დასრულდა.

დააკავეს ერთი ადამიანი, რამდენიმე კი სპეცოპერაციისას დაიღუპა. მაშინ ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე და ISIS-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ახმედ ჩატაევი იყო. სუს-ის განცხადებით, ისინი საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები