ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

მეუფე იაკობი: დროულად გამოუშვან ვაჟა, ზღაპრები არ დამიწყონ, რომ რუსები არაფერ შუაში არიან

0 კომენტარი

ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობ იაკობაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებას და რუსეთს მოუწოდებს, გაათავისუფლონ ვაჟა გაფრინდაშვილი. ის ამბობს, რომ უფრო გაუხარდება, თუ ამას ოსები გააკეთებენ.

"მივმართავ კიდევ და მოვუწოდებ ოსებს და რუსებს, ზღაპრები არ დამიწყონ ახლა, რომ რუსები არაფერ შუაში არიან. თუ მოინდომეს რუსებმა, აუცილებლად შეძლებენ, რომ გააკეთონ, მარა მე უფრო გამიხარდება, რომ ოსებმა, ოსმა ხელისუფლებმა რომ დროულად გამოუშვან ვაჟა. როგორც ვაჟას საქციელია ჩემთვის მოსაწონი, ისევე მოსაწონი იქნება მათი საქციელი, თუ ასე მოიქცევიან და არ გაჯიუტდებიან", - თქვა მეუფე იაკობმა.

დღევანდელ ქადაგებაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ გაფრინდაშვილს ბავშვობიდან იცნობს და ექიმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. მან თქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მეგობრებს ყოველთვის მშვიდობისკენ მოუწოდებდა და მასზე ჭორების მოგონება "არ ეკადრებათ".

"ვაჟა სამი წლის არ იყო, მე ორის წლის არ ვიყავი, იქიდან ვმეგობრობთ ვაჟა და მე. ერთად ვიზრდებოდით, წესიერი კაცი იყო ყოველთვის, კარგად სწავლობდა. კარგი შვილი იყო ყოველთვის, კარგი მეგობარი, პროფესიონალი იყო.

გააკეთა რა, იცოდა, რომ ადამიანს უჭირდა და წავიდა ადამიანის დასახმარებლად. რომ არ დაეძახათ, ვერც გაიგებდა და არც წავიდოდა. დაუძახეს, წავიდა, არც დააცადეს მისულიყო და დახმარებოდა ადამიანს. მერე ათასი ჭორი მოიგონეს, არ ეკადრებათ მაგი, არავითარ ომზე საუბარი არ არის, ვაჟა ყოველთვის მშვიდობისკენ მოგვიწოდებდა. ჩვენ შეიძლება კიდევ რაღაცები გაგვეკეთებინა, მაგრამ ვაჟა, თუ იკითხავთ, პირველი სკოლა დაამთავრა და არასდროს ყოფილა ჩხუბის ინიციატორი, პირიქით, სულ შერიგებისკენ მოუწოდებდა ყველას და მრავალი სიცოცხლე აქვს გადარჩენილი.

მე ვაჟას დამოკიდებულება ვიცი ოსებისადმი, მეზობლებიც ბევრი გვყავდა, საახლობლოც ბევრი გვყავდა.

კაცი წავიდა, უნდა დახმარებოდა ადამიანს, დაიჭირეს, მიუსაჯეს. ამით ვაჟას არაფერი არ აკლდება, ვაჟას ემატება. იძახიან, ხო იცოდა, რომ წავიდა, დაიჭერდნენ, ასე იზამდნენ, ისე იზამდნენ... მაგრამ როდესაც ადამიანი გულანთებული ექიმი ხარ, მაგასაც არ უყურებ, შენს სიცოცხლესაც გვერდზე დებ. მე მოვუწოდებ ოსებს, იმიტომ რომ კავკასიაში ვაჟკაცობა ყოველთვის ფასდება. შეხედონ ეხლა, აბა ლაჩარი ვაჟა უნდათ? ვაჟას რაც გულში აქვს, იმას ამბობს. წესიერი კაცი იყო და ძალიან სწორად იქცევა ახლა.

მინდა მივმართო ოსეთის ხელისუფლებას, რუსეთის იმ ნაწილს, მოვუწოდებ მათ, რომ დააფასონ კაცის ეს საქციელი. მართლმადიდებელი ადამიანის, კარგი ქართველის კარგი საქციელი. ჩვენ უნდა გვიხაროდეს, მსოფლიოში რაც უფრო მეტი კარგი ადამიანი გვეყოლება. ვინმეს სიკვდილში ბრალი ხომ არ მიუძღვის, ხომ არ უბრძოლია ვინმეს წინააღმდეგ, ყოველთვის იყო ნებისმიერი ადამიანის დასახმარებლად და მათაც უნდა გამოიჩინონ კეთილგონიერება და ამ ეტაპზე მოწოდებით მოვუწოდებ", - თქვა მეუფე იაკობმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ცდილობს, მაგრამ ისეთი უბრალოც რამეც კი, როგორიც ერთი კაცის დახსნაა, ვერ შეძლო. მეუფე იაკობს მიაჩნია, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის "დამსახურებაა". მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, "ცოტა გონიერად მოიქცნენ" და "სკამებს არ გადააყოლონ საქართველო". ბოდბელმა ეპისკოპოსმა ისიც თქვა, რომ არაა ისეთი ადამიანი, ვინმემ ან რამემ შეაჩეროს.

"რომ გვიყურებენ ჩვენ შიგნით როგორც ვჭამთ ერთმანეთს, მაგასაც არ უყურებენ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, ცოტა გონიერება გამოიჩინონ. თუ უნდათ, რომ ავირჩიოთ ნებისმიერ მხარეს, წესიერად მოიქცნენ, სკამებს არ გადააყოლონ საქართველო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან დაძაბული სიტუაციაა. მე არ ვარ ის ადამიანი, რამემ გამაჩეროს და ვინმემ გამაჩეროს და ქმედებაც არ ჩავიდინო. ამიტომ ჯობია ისე მოვიქცეთ, როგორც საქართველოსთვის არის კარგი, როგორც თითოეული ჩვენგანისთვის არის კარგი. კარგი ხალხი ვართ საქართველოში და ასე რატომ ვჭამთ ერთმანეთს, ასე რატომ ვუღებთ მტერს კარს... ჩვენ თუ ერთმანეთი დავჭამეთ, მსოფლიო რას მოგვარიდებს, ერთმანეთში თუ ეს ურთიერთობა გვქონდა", - ამბობს მეუფე იაკობი.

მან ასევე აღნიშნა, რომ "ამაში" ჟურნალისტების დიდი ღვაწლიც არის. ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, როცა შერიგებაზე საუბრობდა, მედია არ რეაგირებდა, ხოლო როცა ცუდად მოიცა, "არ გაჩერებულან".

"როგორც კი ცუდად გამოთქვი, ცუდად მოვიქეცი, არ გაჩერებულან და თვეები ის გრძელდება ხოლმე ჩემს საქციელებზე, ისე განმიკითხავენ. ნურც ერთ მხარეს ნუ გადავუსვამთ თავზე ხელს, ჯობია გამოსწორდნენ და საქართველოსთვის იზრუნონ და არა პარტიული საჭიროებისთვის. ვერც ერთი პარტია საქართველოს ვერ უშველის, ვერც ერთი ადამიანი ცალკე საქართველოს ვერ უშველის. ყველა გავერთიანდეთ და ვუშველოთ საქართველოს. მერე აღარც ლუკას რაც შეემთხვა, ისეთი ამბები გვექნება და აღარც ცოტნეს რაც შეემთხვა", - თქვა მეუფე იაკობმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები