მეუფე იაკობის ქადაგება

მეუფე იაკობი ხელისუფლებას აკრიტიკებს: მე არ ვარ ის ადამიანი, რამემ და ვინმემ გამაჩეროს

ბოდბის ეპარქია

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობ იაკობაშვილმა სინოდის გაფრთხილების შემდეგ დღეს პირველი წირვა ჩაატარა.

ყოფილმა ქორეპისკოპოსმა, რომელსაც ამ თანამდებობის დატოვება ხელისუფლების მიმართ საჯარო ბრალდებების შემდეგ მოუწია, დღეს რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მათ შორის იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება, ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმა, 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობა. ამ განცხადებებს შორის, იაკობმა პოლიტიკოსები რამდენჯერმე გააკრიტიკა. მისი თქმით, არ არის ის ადამიანი, რამემ ან ვინმემ გააჩეროს.

მეუფე იაკობმა ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილზე საუბრისას თქვა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ექიმის გათავისუფლებას ცდილობს, მაგრამ ისეთი უბრალოც რამეც კი, როგორიც ერთი კაცის დახსნაა, ვერ შეძლო. ბოდბელ ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ ეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის "დამსახურებაა". მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, "ცოტა გონიერად მოიქცნენ" და "სკამებს არ გადააყოლონ საქართველო".

"რომ გვიყურებენ ჩვენ შიგნით როგორც ვჭამთ ერთმანეთს, მაგასაც არ უყურებენ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, ცოტა გონიერება გამოიჩინონ. თუ უნდათ, რომ ავირჩიოთ ნებისმიერ მხარეს, წესიერად მოიქცნენ, სკამებს არ გადააყოლონ საქართველო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან დაძაბული სიტუაციაა. მე არ ვარ ის ადამიანი, რამემ გამაჩეროს და ვინმემ გამაჩეროს და ქმედებაც არ ჩავიდინო. ამიტომ ჯობია ისე მოვიქცეთ, როგორც საქართველოსთვის არის კარგი, როგორც თითოეული ჩვენგანისთვის არის კარგი", - ამბობს მეუფე იაკობი.

გარდა ამისა, ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, როცა საქართველოს ხელისუფლება რუსეთს გადასცემს პატიმრებს, ეს ნიშნავს, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ) და შესაბამის სტრუქტურებთან, ვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება შეუძლია, კავშირი აქვს.

"წინა დღეებში ჩვენებმა ექსტრადირება გაუკეთეს რუსეთში ორ პატიმარს. შე დალოცვილო, რუსეთთან, რომელთანაც საომარი ის გაქვს, კარგი, დამნაშავეებს გადასცემ, შენი უდანაშაულო კაცი იქიდან როგორ ვერ გამოგიხსნია?! იმას ისე როგორ გადასცემ, ეფესბესთან და შესაბამის სტრუქტურებთან თუ არა გაქვს კავშირი და ნუ დამაჯერებს იმას, რომ ეფესბემ მოინდომოს და ვაჟა აქეთ არ ჩამოვა? მე არც პოზიცია ვარ, არც ოპოზიცია, მე ვარ ქართველი და მინდა საქართველოს სიძლიერე, ამიტომ რაღაც-რაღაცებს მკაცრადაც ვიტყვი. ჩემთვის არ არის ის ავტორიტეტი საქართველოში, რომ ამ შემთხვევაში არ დავუპირისპირდე", - თქვა მეუფე იაკობმა.

დღესვე მან თქვა, რომ ქართველი ხალხი ვიღაცებისთვის სკამის შენარჩუნებით არ არის დაკავებული და ისე უნდა მოიქცნენ, რომ ეს სკამები შეინარჩუნონ, "თორემ ჩვენ მოგვყავს და ჩვენ ვუშვებთ ყველას". იაკო იაკობაშვილმა ოპოზიციაც გააკრიტიკა. მისი თქმით, თუ ხელისუფლება ვერ იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია იქცევა ისე, როგორც საჭიროა.

"რამდენი ხელისუფლება გამოვიცვალეთ, ხო? პირველ ხელისუფლებას არ დავაცალეთ და ვერ შეძლო გაეკეთებინა ის, რაც ჩანაფიქრში ჰქონდა. შემდეგი ხელისუფლებებიც ვითომ რაღაცას ცდილობდნენ და ყველა მერე სკამის შენარჩუნებაზე იყო. ქართველი ხალხი იმით არ ვართ დაკავებული, რომ ვიღაცებს სკამები შევუნარჩუნოთ. მოიქცნენ ისე, რომ იმსახურებდნენ იმ სკამებს, აბსოლუტურად, იმსახურებდნენ. თორემ ჩვენ მოგვყავს და ჩვენ ვუშვებთ ყველას აბსოლუტურად და არავის არ ეგონოს ეხლა, თუ ხელისუფლება ვერ იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს, ოპოზიციას არ ეგონოს, რომ ისინი იქცევიან ისე, როგორც საჭიროა. ერთის ცუდი მეორეს სხვა საქციელებს არ ამართლებს. მარა რაც ქართველს უნდა, ქართველ ერს რაც უნდა, ის უნდა გააკეთოს ყველამ, პოზიციამაც, ოპოზიციამაც და მთლიანად ერმა", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსის აზრით, პოლიტიკოსებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ქვეყანაში ტემპერატურა დაწიონ. ის მიიჩნევს, რომ დიალოგი აუცილებელია. 

"პოლიტიკოსებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ეს ტემპერატურა დაწიონ, იმიტომ რომ მთავარია საქართველოსთვის კარგი გავაკეთოთ. მთავარი ის კი არ არის, რომელი პარტია იქნება სათავეში ან რომელი აპირებს მოსვლას, მთავარია რას სთავაზობს საქართველოს. თუ ასეთი დაძაბული ფონი იყო, არამგონია რომელიმემ საქართველოს კარგი მოუტანოს. უნდა დაჯდნენ, დიალოგი აუცილებელია და რაღაც შეთანხმებამდეც მივლენ. მთავარია ზიზღის და ფიზიოლოგიური ზიზღის პოზიციიდან არ ველაპარაკოთ ერთმანეთს, ქართველები ვართ, საქართველოს მოქალაქეები ვართ და საქართველოსთვის უნდა გავაკეთოთ კარგი. მერწმუნეთ, არც ერთი სკამი და თანამდებობა არ ღირს იმად, რომ ერთმანეთს გული ვატკინოთ და საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენოთ", - თქვა მეუფე იაკობმა.

​31 დეკემბრის სინოდის სხდომის შემდეგ, სადაც ბოდბელ ეპისკოპოსს გაფრთხილება მისცეს, დღეს მან პირველად იქადაგა. მან სხდომაზე 26 ოქტომბრის განცხადებებისთვის შენდობა ითხოვა.

26 ოქტომბერს მეუფე იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.

ბოდბელი ეპისკოპოსის თქმითვე, გიორგი კვირიკაშვილთან, გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ. ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

ამ თემებზე საქართველოს პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. მთავარი პროკურორის თქმით, მეუფე იაკობის განცხადებაში დროის და მოვლენების ერთმანეთში აღრევაა და ინფორმაცია გონივრულობის სტანდარტს ვერ გადალახავს.

კომენტარები