ეკონომიკური რეგულაციები

5 რეგულაცია, რომელიც მთავრობამ ჯერ მიიღო და შემდეგ გააუქმა

ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან, არასრული ერთი წლის შემდეგ 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი მის მიერვე დადგენილი რეგულაციების შერბილებას აპირებს. არც მთავრობაში და არც სებ-ში არ ასახელებენ კონკრეტულ მიზეზს რატომ გახდა აუცილებელი შერბილება. 

საბანკო რეგულაციების შერბილებაზე პირველი განცხადებები მთავრობაში თამაშის ახალი წესების ამოქმედებიდან ორ თვეში გაკეთდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ეროვნული ბანკი თავის გადაწყვეტილებას ჯიუტად იცავდა. მიუხედავად ამისა, 19 დეკემბერს სებ-მა გადაწყვეტილება შეცვალა და რეგულაციების ლიბერალიზაცია გადაწყვიტა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ რეგულაციები შემოიღო და გარკვეული დროის შემდეგ თავისი გადაწყვეტილება უკან წაიღო. ასე მოხდა სავიზო რეგულაციების, ხორბლის ტრანსპორტირების, პლასტიკის პარკების აკრძალვისა და სასამართლო ყადაღების შემთხვევაშიც. თითოეულ ჯერზე მიღებულ და შემდეგ გაუქმებულ გადაწყვეტილებას თავისი ღირებულება ჰქონდა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა დაზარალდა. 

სავიზო რეგულაციები 

2014 წლის 1 სექტემბერს მთავრობამ მიიღო დადგენილება "იმ ქვეყნების ჩამონათვალის შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა". ამ დოკუმენტით, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეზღუდა. ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ ირანი, ერაყი, ჩინეთი, პერუ, ჩილე, ბოლივია, გვატემალა, ეგვიპტე. 

ახალი რეგულაციის მიზეზად მაშინ მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაასახელა. ცხადია, 23 სახელმწიფოსთან სავიზო რეგულაციების შემოღებამ გავლენა იქონია ტურიზმზე და ჯამურად ეკონომიკაზეც. საბოლოოდ ეს დადგენილება მთავრობამ 2015 წლის 8 მაისს გააუქმა.

ამ პერიოდში ქვეყანამ, მხოლოდ ჩინეთთან და ირანთან სავიზო რეჟიმის დაწესებით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი იზარალა. სწორედ, ამ პერიოდში დაიწყო ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.

სასამართლო გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივი ყადაღის შესახებ

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ცნობით, 2013-2015 წლებში საქართველოს სამოქალაქო სასამართლოს კოლეგიები სარჩელის უზრუნველყოფის ფორმად, როგორც წესი, ქონების დაყადაღებას იყენებდნენ. 

სარჩელის უზრუნველყოფის ამ ფორმის შერჩევამ მიდგომის მოქმედების წლებში ქვეყანაში რამდენიმე მსხვილი ინვესტიციის შემოსვლა გააჭიანუურა ან გააუქმა. თემაზე საუბრისას ერთ-ერთ მაგალითად ქადაგიძემ ლიბერთი ბანკის საქმე მოიყვანა, როდესაც საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავის გამო კომპანიის აქციები დააყადაღეს. ქადაგიძის თქმით, ინვესტორი თანახმა იყო, აქციები მიმდინარე სასამართლო დავის ფონზე შეეძინა, თუმცა ყადაღის გამო ამის გაკეთება ვერ შეძლო.

დაუყოვნებლივი ყადაღების პრაქტიკა მომდევნო წლებში უფრო ლიბერალური მიდგომით ჩანაცვლდა. უზრუნველყოფის ღონისძიების ამ ფორმით მოქმედებამ ქვეყანას დაახლოებით 50-100 მილიონ დოლარამდე დააკარგვინა.

ავტოსანტრანსპორტო საშუალებებით ხორბლის გადატანის აკრძალვა

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის 2018 წლის 15 სექტემბრის ბრძანებით, საქართველოში ხორბლის იმპორტ-ექსპორტი და ტრანზიტი დასაშვები მხოლოდ პორტების და სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით ხდებოდა. ამ რეგულაციის შედეგად, ხორბლის საავტომობილო გადამზიდავები ტრანზიტის ბიზნესს კარგავდნენ. 

დადგენილებას სფეროში დასაქმებული ადამიანების პროტესტი მოყვა. 2018 წლის 14 სექტემბერს ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეგულაციის ამოქმედება 2 კვირით გადაავადა. ამის მიუხედავად, ხორბლის წვრილი გადამტანების პროტესტი მაინც გაგრძელდა. საბოლოოდ, ერთ-ერთმა მათგანმა, ჯანო ამყოლაძემ ეკონომიკური გაფორმების ზონასთან საპროტესტო აქცია გამართა, სადაც თვითდაზიანებები მიიყენა. 

ახალი რეგულაციის ამოქმედება 2020 წლამდე გადავადდა. რადგანაც, რეგულაცია ჯერჯერობით არ ამოქმედებულა, ფინანსური ზარალიც ჯერ არ დამდგარა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება ისევ არ შეცვლა, ათეულობით მოქალაქე შემოსავლის ერთადერთ წყაროს დაკარგავს. 

პლასტიკის პარკების აკრძალვა

2018 წლის 14 სექტემბერს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის პირველი აპრილიდან ყველა ტიპისა და სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალებოდა. 

მართლაც, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ეს დადგენილება ძალაში შევიდა და ამ რეგულაციის ისტორია სწორედ ამითაა საინტერესო. საქმე ისაა, რომ დადგენილების ამოქმედების მომენტში მთავრობას არ ჰქონია მექანიზმი, რომლითაც მიღებული დადგენილების აღსრულებას გაააკონტროლებდა. არ იყო განსაზღვრული თუ რომელ სახელმწიფო უწყებას უნდა გაეწია მონიტორინგი, განსაზღვრული იყო მხოლოდ ჯარიმების ოდენობა. 

2019 წლის ივლისში მთავრობამ პლასტიკის პარკების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, პარკების წარმოება ექსპორტისთვის კვლავ დასაშვები გახდა. დადგენილებით ასევე გაუქმდა პლასტიკის პარკების სრული აკრძალვა. რეგულაციის მოქმედების პერიოდში მუშაობა შეაჩერა პლასტიკის რამდენიმე საწარმომ - მათ შორის იყო საწარმო კირიბი, სადაც 40 ადამიანია დასაქმებული. 

რეგულაციის შერბილების შემდეგ, გაჩერებულ საწარმოებს საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცათ. 

საფინანსო რეგულაციები

ჯერ მიღებული და მალევე გაუქმებული რეგულაციის ბოლო შემთხვევა 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმებული საბანკო რეგულაციებია. 

ფინანსური რეგულაციები საქართველოში 2017 წლიდან, ონლაინ სესხების სეგმენტის რეგულირებით დაიწყო. ონლაინ სესხების კომპანიებს დაუწესდათ მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი და გამკაცრდა სესხის გაცემის პირობები. შედეგად, დაკრედიტების ბაზრის ეს სეგმენტი პრაქტიკულად ერთ ღამეში თითქმის სრულად განადგურდა. გაკოტრდნენ ადგილობრივი კომპანიები, ხოლო საერთაშორისო ბრენდებმა ადგილობრივი ბაზარი დატოვეს. 

ფინანსური რეგულაციების შემდეგი ტალღა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მიღებული რეგულაციებით სესხის გამცემ ორგანიზაციებს მომხმარებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე სესხის გაცემა აეკრძალათ, გართულდა თვითდასაქმებული პირების დაკრედიტება, დაწესდა სესხების კოეფიციენტთა ახალი სისტემა და ყოველთვიური შემოსავლიდან სესხის მომსახურების მაქსიმუმი.

განისაზღვრა სხვადასხვა ტიპის სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობის ვადა, დადგინდა კოეფიციენტების ახალი სისტემა. ახალი კოეფიციენტების მიხედვით, მსესხებელს ყოველთვიურად სესხის დასაფარად შემოსავლის მაქსიმუმ 60 პროცენტის გადახდა შეუძლია.

საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან დღემდე, 40-50 პროცენტით შემცირდა განვადებების ბაზარი, კლებისკენ წავიდა მზარდი სამშენებლო სექტორი, უმუშევარი დარჩა 4 ათასი მოქალაქე, უძრავი ქონების ინდივიდუალურად იპოთეკაზე წვდომა მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, ვისი ხელფასიც 2 400 ლარს აღემატება - ასეთი კი საქართველოში მხოლოდ 40 ათასი მოქალაქეა. დაზარალდა მცირე და საშუალო ბიზნესი.

ამ რეგულაციების შედეგად, ბოლო კვარტალში, საფინანსო სექტორში ინვესტიციები 33 მილიონი დოლარით შემცირდა. სულ ბოლო ოთხ ფინანსურ კვარტალში საფინანსო სექტორმა 280 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაკარგა.

საბანკო რეგულაციების შერბილებას ეროვნული ბანკი მომდევნო წლის მარტიდან გეგმავს.

კომენტარები