ლელო საქართველოსათვის

პარტიას "ლელო საქართველოსთვის" ახალი მემარჯვენეები და შენების მოძრაობა შეურთდნენ

ლელო საქართველოსთვის

დღეს პარტია "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა - პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე იქნება, გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძე.

"ვაფუძნებთ დღეს ჩვენს პარტიას, ვაფუძნებთ პოლიტიკურ გაერთიანებას. ჩვენ გააზრებული გვაქვს რომ ქვეყანას ცვლის ხედვა და სტრატეგია და არა მეზღაპრეების აუხდენელი ოცნებები. "ლელო" ქმნის ახალ პოლიტიკურ სტანდარტს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ქართულ საზოგადოებასთან ერთად არა მხოლოდ დავამარცხებთ ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებს, არამედ ახალი ფურცლიდან დავწერთ ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიას, ახალ მოწინავე ფუნქციას შევძენთ საქართველოს და ვაქცევთ მას ძლიერ და წარმატებულ ქვეყნად არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

დღევანდელ ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიაში "ლელოს საქართველოსთვის" გაწევრიანდნენ შენების მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები. 

შენების მოძრაობის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, ეს არის ბოლო პოლიტიკური პროექტი, რომელშიც ის მონაწილეობას მიიღებს. ახალი მემარჯვეენების თავმდჯომარის, დავით კაციტაძის თქმით კი, ახლა ცალკე დგომის დრო არ არის და სწორედ ამიტომ უერთდება ის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაფუძნებულ პარტიას.

დამფუძნებელ ყრილობაზე დღეს ასევე იმყოფებოდა ანა დოლიძეც, რომელმაც მომავალში არ გამორიცხა "ლელო საქართველოსთვის"-თან თანამშრომლობა და ასევე თქვა, რომ ის თანამშრომლობას აპირებს ყველა ძალასთან, გარდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობისა.

დღეს, ასევე გამოქვეყნდა "ლელო საქართველოსთვის"-ის პოლიტსაბჭოს წევრების სია, რომელშიც 17 ადამიანიდან ერთ-ერთი ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძეა. 

კომენტარები