ვაჟა გაფრინდაშვილი

Эхо Кавказа: გაფრინდაშვილს პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან "დანაშაულს" არ ნანობს

გამოცემა Эхо Кавказа-ს ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატმა, ვლადიმირ ფიდაროვმა დაიჩივლა, რომ ექიმი მის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და კვლავ აგრძელებს ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიები და საოკუპაციო ძალები.

ოკუპირებული რეჟიმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იურისტმა "ეხო კავკაზას" უთხრა, რომ სწორედ სინანულის არარსებობა გახდა მიზეზი, რის გამოც ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა მიუსაჯეს. 

საოკუპაციო რეჟიმი გაფრინდაშვილს ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა და მისგან ამ "დანაშაულის აღიარებას" ითხოვს. 

თუმცა, თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა გატაცების შემდეგ ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით.

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები