საფრანგეთი

საპენსიო რეფორმის პროტესტის ფონზე მაკრონმა საპრეზიდენტო პენსიაზე უარი თქვა

0 კომენტარი
ემანუელ მაკრონი ფოტო: Reuters

საპენსიო რეფორმის პროტესტის ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საპრეზიდენტო პენსიაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ პენსიას 64 წლის ასაკში მიიღებს, როგორც რიგითი ფრანგი მოქალაქე.

1955 წელს მიღებული კანონით, საფრანგეთის პრეზიდენტები თანამდებობიდან წასვლის შემდეგ 6 000 ევროს (გადასახადების ჩათვლით 6 500 ევრო) ოდენობით პენსიას იღებენ.

სწორედ ამაზე ამბობს უარს ემანუელ მაკრონი და გეგმავს, შეცვალოს ყოფილი პრეზიდენტების ანაზღაურების სქემა და ის საპენსიო რეფორმას შეუსაბამოს.

მაკრონის მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმის მიხედვით, საპენსიო ასაკი 2022 წლიდან 60-დან 62 წლამდე გაიზრდება.

2024 წლიდან პენსიას მოქალაქეები მიიღებენ 63 წლის ასაკიდან, 2027 წლიდან - 64 წლის ასაკიდან.

საფრანგეთში ამ ეტაპზე საპენსიო რეფორმის საკითხი აზრთა სხვადასხვაობის და მასშტაბური პროტესტის ფონზე განიხილება. ქვეყანაში რამდენიმე განსხვავებული საპენსიო სქემაა და მაკრონს მათი გაერთიანება სურს.

მისი გეგმით, მოქალაქეები ყოველ ნამუშევარ დღეს ქულებს მიიღებენ და შემდეგ ეს ქულები საპენსიო ბენეფიტებად გარდაიქმნება.

მაკრონს მიაჩნია, რომ მისი გეგმა უფრო სამართლიანია, ვიდრე არსებული. ამჟამად საფრანგეთში საპენსიო სისტემაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 14% იხარჯება, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის 69% გაფიცულებს უჭერს მხარს.

პროფკავშირებში ამბობენ, რომ გაფიცვა, რომელიც უკვე 2 კვირაა გრძელდება, არ შეწყდება, სანამ მაკრონი რეფორმებზე უარს არ იტყვის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები