სამთავრობო პროპაგანდა

გრამ ბრუკი: დეზინფორმაცია გასაკვირი არაა, მაგრამ უცხო და არა საკუთარი მთავრობისგან

გრამ ბრუკი

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის [DFRLab] დირექტორმა, გრამ ბრუკიმ, "ამერიკის ხმასთან" Facebook-ის მიერ თავისი პლატფორმიდან 418 ქართული პროსახელისუფლო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლური ანგარიშის გაუქმებაზე ისაუბრა. 

Facebook-ის პარალელურად ამ ანგარიშებს DFRLab-იც ამოწმებდა.

"ეს ჯგუფები და გვერდები აქვეყნებდნენ კონტენტს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს მთავრობის საქმიანობასთან და ისინი მხოლოდ ერთ პოზიციას გამოხატავდნენ. ჩვენს შესაძლებლობებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ღია წყაროებით შემოიფარგლება, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კოორდინირებული ოპერაცია", - თქვა გრამ ბრუკიმ.

Facebook 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მიუხედავავად იმისა, რომ გაუქმებული გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზებით ნიღბავდნენ, გამოძიების მიხედვით ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირში არიან.

"ეს ქსელი დაკავშირებული იყო მთავრობასთან და მისი პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს უჩვეულოა და შეშფოთების საბაბს ქმნის. რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია და ნარატივების იარაღად გამოყენება ყველგან ხდება. მაგრამ ეს პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ჯგუფების ან უცხო ქვეყნის მთავრობების და არა თვითონ სამიზნე საზოგადოების მთავრობების მიერ ხდება", - თქვა გრამ ბრუკიმ.

კომენტარები