სამთავრობო პროპაგანდა

ელენე ხოშტარია: FB-ის მიერ სამთავრობო ტროლ-გვერდების წაშლა ვერდიქტიც არის და გაფრთხილებაც

0 კომენტარი

20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

ევროპული საქართველოს დეპუტატი და აქტივისტი, ელენე ხოშტარია ამ ფაქტს ვრცელი პოსტით გამოეხმაურა:

"FB ის ამბებზე შემომეწერა.

დავიწყოთ სიცილით

“ფეისბუქის” განცხადება, რომელშიც მთავრობა ორგანიზებულ და ძვირადღირებულ დეზინფორმაციის კამპანიაში გამოიჭირეს პარასკევ საღამოს გამოქვეყნდა. უეცრად მთელ ფეისბუქს სიცილი აუტყდა. მთელი შაბათ-კვირა გიხტებოდა და გიხტებოდა სხვადასხვა “კედელზე” ნიჭიერი სტატუსები, სადაც მთავრობის დაცინვა და სიხარულნარევი იუმორი ერთად მოედინებოდა. მეც ვერ ვჩერდებოდი, ხმამაღლა ვიცინოდი და იმავე ჟანრის სტატუსს სტატუსზე ვაცხობდი.

ამ დროს გარშემო ძალიან ბევრი და განუზომლად დიდი ტრაგედია ტრიალებს… რა გვაცინებს? ჩემს თავთანაც შემრცხვა, რა დროს სიცილია, როცა ამდენი უბედურება ხდება. ან სასაცილო რა არის? აფერისტი მთავრობა გვყავს დასამარცხებელი… მაგრამ, მერე მივხვდი, ბუნებრივი იყო ეს სიცილი. ყველაზე კარგად ეს მარიამ ბაჯელიძემ ჩამოაყალიბა თავის მოსაზრებებში on.ge -ზე “10 მიზეზი, რატომ უნდა გვიხაროდეს ტროლგვერდების დახურვა".

ორს გამოვყოფ: ჯერ ერთი, ნათლად გამოჩნდა, რომ მართლები ვართ და ამდენი ხანი რომ ვამტკიცებდით, რაზეც დგას ეს სისტემა, ნათლად გამომჟღავნდა. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ასეთ მომენტებში გრძნობ, რომ რაც არ უნდა ძლიერი ჩანდეს მოწინააღმდეგე, როდესაც მართალი ხარ, იმარჯვებ, და კი, ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ამ სისტემის ნჯღრევაში! და კიდე იმიტომ გვეცინებოდა, რომ დიქტატორი, ავტორიტარი ბოლოს ყოველთვის კომიკური ხდება და ყველა მაგრად დასცინის. ეს ჟანრის კლასიკაა.

უცებ “ოცნება” აორთქლდა, არც ბოტების ხმა ისმის, არც ტროლების, არც #უძლიანმაგრესადნამდვილების, არც დეპუტატების, არც მთავრობის. მხოლოდ უხერხული სატელეფონო “ტუუუუ” ისმის ჟურნალისტების ზარებში. “ტუუ”, ან “ტუ, ტუუუ”. ერთ-ერთმა საერთოდ დაგვხოცა სიცილით: ტელეფონს უპასუხა და როდესაც გაიგო რაზე ურეკავენ, “ალო, ალო, არ ისმისო..” და ისევ “ტუუუ”.

24 საათის მერე მოსულიერებულმა ოცნებამ კიდევ უფრო მეტად გაგვაცინა. ყველას აინტერესებდა რას მოიფიქრებდნენ, ველოდებოდით ამ ჯერზეც თუ შეძლებდენ საკუთარი სისულელესისთვის “გადაეჯოკრათ”? და აღმოჩნდა, რომ - კი. მათ ეს კიდევ ერთხელ შეძლეს! ზოგი პირდაპირ იტყუებოდა - არანაირ კავშირში არ არის მთავრობა ამ ტროლებთანო, ანუ ფბ-ი ცრუობსო (თავად განსაჯეთ ოცნებასა და ფბ-ის ცენტრალურ ოფისს შორის ვინ იტყუება); ზოგი ზუსტად პუტინის მესიჯების გამეორებით გვიმტკიცებდა - მოუნდა ხალხს და მთავრობის ჩარევის გარეშე ლანძღავდა ოპოზიციას, დიდი ამბავიო. პრიზი მაინც საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ერგო, გამოვიდა და თქვა: ფეისბუქის რეპუტაციას პრობლემები აქვსო.

შიში ოხერია, რას არ გაკადრებინებს. ერთი სიტყვით, ამ სიცილის მეორე ტალღამაც გადაიარა.

ახლა კი სერიოზულად.

ჯერ ფაქტები: ფეისბუქმა და ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიამ დაადგინეს, რომ საქართველოს (როგორც ფეისბუქი წერს, “ქართული ოცნების”) მთავრობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი ჩართული იყო “კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში” (დეზინფორმაცია, რეალობის მიზანმიმართული დამახინჯება და ასე შემდეგ), რასაც რამდენიმე მიზნით აკეთებდენ: ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციისთვისა და ანტიდასავლური, განსაკუთრებით კი ანტიამერიკული კამპანიისთვის.

ანუ გამოვიდნენ, ძალიან გავლენიანი და (ზალკალიანს როგორც არ უნდა გაუკვირდეს) ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ამერიკული ორგანიზაციები და გვითხრეს: თქვენი მთავრობა ბევრ ფულს იხდის იმაში, რომ მოგატყუოთ და რეალურად დასავლეთისკენ კი არ მიდის, დასავლეთს ებრძვისო.

ეს ჩვენ ვიცოდით, სწორედ ამის წინააღმდეგ ვიბრძვით ამდენი ხანია, მაგრამ ამერიკისგან ეს იყო ვერდიქტიცა და გაფრთხილებაც.

როდესაც ატყუებ მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოსა და შენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელმაც უზარმაზარი რესურსი ჩადო შენივე ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, კარგი ბედი არ გიწერია.

განცხადებაში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი იყო: ატლანტიკური საბჭოსა და ფბ-ის განცხადებები აჭრელებული იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის ფოტოებით. ფოტოებით, რომლებიც ყალბ გვერდებზე თავსდებოდა და ყალბ ინფორმაციას “ამშვენებდა”. ეს პერსონალური აპელირება შემთხვევითი არ არის. ყველას კარგად ესმის, ვინ არის ქვეყანაში დემოკრატიის მსხვრევაზე პასუხისმებელი, როგორც არ უნდა დაიმალოს ის.

ეს პირველი ყველაზე დიდი დარტყმა იყო ქართული ოცნების მთავრობაზე ამერიკიდან, მით უმეტეს, თუ განვიხილავთ იმ განცხადებებთან საერთო კონტექსტში რაც კაპიტოლიდან გვესმის და რაც ამერიკულ პრესაში იწერება.

აქ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკა რომელიმე პარტიის წინააღმდეგ ან მხარდასაჭერად კი არ მოქმედებს, ამერიკა მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას დემოკრატიისთვის ბრძოლაში. ეს განასხვავებს ამერიკას რუსეთისგან, რომელსაც დასაყრდენი მონა სჭირდება, რათა მერე თავის ნებაზე, ანტიდემოკრატიული მიზნების მისაღწევად მართოს.

ფეისბუქი დეზინფორმაციასთან ბრძოლაში განსაკუთრებით ბოლო ერთი წელია, რაც გააქტიურდა. როგორც მარკ ცუკერბერგი ამბობს, მისთვის ფეისბუქით ბოროტად მანიპულირებასთან ბრძოლა პრიორიტეტია, რადგან კარგად ესმის, რა საფრთხეებს უქმნის ეს ლიბერალურ ფასეულობებსა და დემოკრატიას. ამ პერიოდში არაერთი ქვეყნის ტროლგვერდები გაუქმებულა. მათ შორის, დასავლური ქვეყნების, ოღონდ აქ ერთი ამბავია საყურადღებო: ტროლი ყველგან არსებობს, მაგრამ მთავრობის მიერ შექმნილი, დაფინანსებული და მართული ტყუილის მანქანები ისეთ ქვეყნებში გვხვდება, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთი, ირანი, ვიეტნამი.

სპეციფიკურად მთავრობის მიერ მართული მსგავსი კამპანიები ორ შემთხვევაში გვხვდება:

ა. როდესაც ერთი ქვეყანა სხვა ქვეყნის საქმეებში ერევა
ბ. როდესაც საკუთარ ქვეყანაში ფეისბუქს პროსამთავრობო განწყობების გასაღვივებლად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ.

ჩვენ, ქართული ოცნების მიერ მილიონ ლარზე მეტი დანახარჯით, სწორედ ამ მეორე სამარცხვინო კატეგორიაში მოვყევით.

ამ ყველაფერს კიდევ ერთი, მძიმე მორალური მხარე აქვს, რაზეც ეკა გიგაურიც წერდა თავის ფეისბუქგვერდზე:

წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გეზიზღებოდეს საკუთარი ხალხი, ზოგადად ადამიანი, რომ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად სპეკულირებდე სიკვდილითა და ტრაგედიებით, ადამიანებს დაუნგრიო ცხოვრება, დათესო სიძულვილი, ადამიანები გადაკიდო ერთმანეთს და მათი დაპირისპირებით პოლიტიკურად ისარგებლო.

ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა: წინასაარჩევნო პერიოდში, ერთ-ერთი ოპოზიციონერი კანდიდატის წინააღმდეგ ტრადიციულად ააგორეს სიცრუის კამპანია. გავხსენი ფეისბუქი და დავინახე დაღუპული ადამიანის სისხლის სამართლის საქმიდან ამოღებული ცხედრის ფოტო. არც ამ ადამიანის ხსოვნაზე იფიქრეს, არც ამ ადამიანის ახლობლებზე, ოჯახზე, არც ბავშვებზე, რომლებსაც შეიძლება ეს ფოტო სოციალურ ქსელში ენახათ… არა, უბრალოდ დასჭირდათ მორიგი პოლიტიკური მიზნისთვის.

მაშინ, მახსოვს, ვიფიქრე, რომ ამ ადამიანებთან ერთად ერთ დარბაზში ვზივარ, გამარჯობას ვეუბნები, პერიოდულად ვუღიმით კიდევაც ერთმანეთს (და ნორმალურ ქვეყანაში ეს ასეც უნდა იყოს), ამ დროს კი, ამათ ასეთი სიბინძურის ჩადენა შეუძლიათ. ვისი ნომერიც მქონდა, ყველას მივწერე საშინელმა გაბრაზებულმა. სხვათა შორის, რამდენიმემ შეიცხადა, არ ვიცი, გულწრფელად თუ არა, მაგრამ ძალიან მალე ეს საშინელი ფოტო ფეისბუქიდან გაქრა.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დავწერე და აქაც გავიმეორებ: მთავარია, ჩვენ ვიბრძოლოთ და უსამართლობას არ შევეგუოთ და ზურგის ქარი აუცილებლად დაუბერავს. ოღონდ, ბრძოლის დასაწყისშივე უნდა ვიცოდეთ, რომ არა უბრალოდ ქართული ოცნების წინააღმდეგ ვიბრძვით, არამედ იმისთვის, რომ მსგავსი სიბინძურე, უსამართლო თამაშის წესებით ძალაუფლების მოპოვება და შენარჩუნება სამუდამოდ ჩავაბაროთ წარსულს. ამაში ბევრი და ძლიერი მეგობარი გვეყოლება". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები