საბჭოთა კავშირი

საბჭოთა ანტირელიგიური პლაკატები — როგორ ებრძოდა რელიგიას სსრკ

ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთში გამოცემული წიგნის, "უღმერთო უტოპიის" ავტორი მკვლევარი რონალდ ელიოტ ბრაუნია. საკუთარ წიგნში, ავტორი, საბჭოთა ანტირილეგიურ პლაკატებზე დაკვირვებით, ცდილობს მკითხველს დაანახოს პირველი სოციალისტური სახელმწიფოს, რელიგიასთან ბრძოლის ისტორია.

ერთი შეხედვით, ბრაუნის წიგნი მხატვრულ ალბომს უფრო ჰგავს. წიგნში ასზე მეტი ილუსტრაცია და გრაფიკული გამოსახულებაა, ამ ნახატების მეშვეობით ავტორი აჩვენებს თუ როგორ ებრძოდა საბჭოთა კავშირი რელიგიას დაარსების პირველი დღეებიდან სოციალისტური უტოპიის კრახამდე.

ნამუშევარი დეტალურად აღწერს იმ შეუწყნარებელ დამოკიდებულებას რელიგიის მიმართ, რომელიც სსრკ-ში იყო დამკვიდრებული. წიგნის სახელწოდებაა უღმერთო უტოპია, მაგრამ ავტორის თქმით, ნამუშევრის შინაარსი უფრო ანტიუტოპიას გავს, ხოლო სიტყვა უღმერთო მებრძოლ-ათეისტური გაზეთის [Безбожник] სახელწოდებაა. გაზეთი 1992-1941 წლებში გამოიცემოდა. 

რონალდ ელიოტ ბრაუნის წიგნის ყდა
ფოტო: FUEL

გთავაზობთ რამდენიმე პლაკატს რონალდ ელიოტის წიგნიდან, გამოსახულების მოკლე ისტორიით.

ნოვგოროდის მოქცევა

ფოტო: FUEL

ეს პლაკატი პირველად გაზეთ "უღმერთოში" 1925 წელს გამოქვეყნდა. პლაკატი სპეციალური ციკლის ფარგლებში გამოიცა, რომლის მიზანიც იყო, დაენგრია რუსეთის მოქცევასთან დაკავშირებული შემწყნარებლური დამოკიდებულება, რაც რევოლუციამდელ პერიოდში სუფევდა. პლაკატზე გამოსახულია ძალადობის, მონათა ვაჭრობის, ყაჩაღობის სცენები. 

უნდა ითქვას, რომ რუსეთის გაქრისტიანების ისტორიულ ფაქტთან მომდევნო წლებში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა გაცილებით უფრო ტოლერანტული იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ისტორიული პროგრესის შესახებ მარქსისტული სწავლებით, მოვლენა დადებითად ფასდებოდა. მიუხედავად ამისა, სსრკ-ის არსებობის პირველ წლებში მარქსისტული მიდგომა საერთო ანტირელიგიურმა პათოსმა დაჩრდილა. 

ქრისტე, როგორც მსხვერპლი

 


ფოტო: FUEL

შეიძლება ითქვას, რომ პლაკატზე გამოსახული ნატურალისტური სცენები შემზარავია. პლაკატი 1923 წელს გამოქვეყნდა. პლაკატის შინაარსი ამ დროს ვოლგისპირეთში მომხდარი მოვლენებით არის შთაგონებული. საქმე ისაა, რომ ამ დროს ვოლგისპირეთი შიმშილობდა. კოლექტივიზაციისა და ქონების კონფისკაციის პირველ წლებში რეგიონი საყოველთაო შიმშილმა მოიცვა. ამავდროულად, ვოლგისპირეთში მოსახლეობა რელიგიურობით გამოირჩეოდა. 

შიმშილის წლებში ხშირად ვრცელდებოდა ჭორები კანიბალიზმის შემთხვევების შესახებ. ვოლგისპირეთის შიმშილით ისარგებლა კომუნისტურმა ხელისუფლებამ და ადგილზე არსებული თითოეული ეკლესიის ქონების კონფისკაცია მოახდინა. 

რელიგია და ალკოჰოლი 


ფოტო: FUEL

ცნობილია, რომ როცა თავადი ვლადიმერი საკუთარი სამეფოსთვის სახელმწიფო რელიგიაზე ფიქრობდა, იგი ისლამსა და ქრისტიანობას შორის აკეთებდა არჩევანს. ქრისტიანობის სასარგებლოდ არჩევანის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ისლამი ალკოჰოლის მიღებას კრძალავდა. როგორც ცნობილია, ადრეული პერიოდიდან რუსეთში გართობისა და მხიარულების ყველაზე გავრცელებული ფორმები ხშირად ალკოჰოლურ სასმელს უკავშირდებოდა.

როგორც ჩანს, პლაკატის ავტორები შეეცადნენ, ერთ ნამუშევარში გაეერთიანებინათ ალკოჰოლიზმი და რელიგია. მათი მიდგომა თავის მხრივ ეყრდნობოდა რელიგიის მარქსისტულ- ლენინისტურ შეფასებას, რომლის მიხედვითაც, რელიგია ხალხისთვის ოპიუმს წარმოადგენდა. 

ქაშაყის კასრები მაცხოვრის ტაძარში


ფოტო: FUEL

პლაკატი 1929 წელს, მოსკოვში მდებარე მაცხოვრის ტაძრის აფეთქებამდე ორი წლით ადრე გამოქვეყნდა. პლაკატის ავტორები ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ ეკლესიის დანგრევა აუცილებელია. პლაკატზე მარცხენა მხარეს ჩანს საბჭოთა პროლეტარების კლუბი, ისინი რუსული ანდაზის მიხედვით ისეთ სიმჭიდროვეში არიან, როგორც ქაშაყები კასრში. 

საბჭოთა მშრომელებს აღმართული აქვთ დროშა წარწერით - "ადგილები არ არის", სწორედ ამიტომ ახალი კლუბის ასაშენებლად ძველი ეკლესიის დანგრევაა საჭირო. უნდა ითქვას, რომ 1931 წელს აფეთქებული ქრისტეს ტაძარი რუსეთის ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესია იყო. მისი აფეთქების შემდეგ, აქ უზარმაზარი ხალხთა სასახლე უნდა აშენებულიყო. მეორე მსოფლიო ომის გამო, ადგილზე მხოლოდ სასახლის საძირკველის ჩაყრა მოესწრო, ხოლო სტალინის სიკვდილის შემდეგ ხელმძღვანელობამ გეგმები შეცვალა. 

მოგვიანებით ჩასხმული საძირკვლის ბაზაზე ადგილზე მსოფლიოს უდიდესი საცურაო კომპლექსი გაიხსნა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ კი, რუსეთის ხელისუფლებამ ტაძრის აღდგენა გადაწყვიტა. 

კოსმოსი და რელიგია

ფოტო: FUEL

ბნელი და ნეგატიური დატვირთვის მქონე სხვა პლაკატებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო ოპტიმისტური იყო რელიგიისა და კოსმოსის თემატიკა. მოცემული გამოსახულება უპირობოდ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ათეისტური პლაკატია. ნამუშევარი გრაფიკული დიზაინის კლასიკად იქცა. 

პლაკატზე გამოსახული კოსმანავტის პროტოტიპი, სავარაუდოდ, იური გაგარიანია. საბჭოთა პროპაგანდა კოსმონავტებამდე დიდი ხნით ადრე ცდილობდა მოსახლეობის დარწმუნებას, რომ ცაში ღმერთი არ არსებობდა. ამისთვის ხშირად მფრინავებს იყენებდნენ, ერთ-ერთი მათგანი ვალერი ჩკალოვი იყო.

1938 წელს გაზეთ უღმერთოში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჩკალოვი მკითხველებს უმტკიცებდა, რომ ღრუბლებს მიღმა არანაირი ღმერთი არ არსებობს. 

იეჰოვას ჯაშუშები


ფოტო: FUEL

საბჭოთა კავშირის მსგავსად, იეჰოვას მოწმეების მიმართ არატოლერანტული გარემო რუსეთში დღესაც შენარჩუნებულია. დიდი ალბათობით, ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ორგანიზაცია აშშ-ში დაარსდა და რუსეთში ისტორიული ფესვები არ აქვს.

ამასთანავე, იეჰოვას მოწმეები არ ცნობენ მიწიერ ხელისუფალთა ავტორიტეტს და მხოლოდ ღმერთის ძალაუფლებას აღიარებენ. იეჰოვას მოწმეები უარს ამბობდნენ სხვადასხვა ვალდებულებებზე სახელმწიფოს წინაშე, მაგალითად, სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. სსრკ-ში ორგანიზაცია ანტისაბჭოთად და ჯაშუშურადაც მიიჩნეოდა. 

იეჰოვას მოწმეები რუსეთში დღემდე კანონგარეშედ რჩებიან. 

შესუსტებული ათეიზმი


ფოტო: FUEL

ეს პლაკატი უკვე 1962 წელს არის გამოცემული, პლაკატზე გაკრიტიკებულია რელიგიასთან არაეფექტური ბრძოლა. საქმე ისაა, რომ დროთა განმავლობაში სსრკ-ში დამკვიდრებულმა მებრძოლმა ათეიზმმა დაკარგა ენერგია და ეფექტურობა. რელიგიასთან აქტიური ბრძოლის იდეამ კიდევ უფრო ადრე დაკარგა მიმდევრები, ვიდრე საბჭოთა იდეოლოგიის სხვა მიმართულებებმა. 

ამის მიუხედავად, რელიგიასთან ბრძოლა სოციალისტური სახელმწიფოს ერთ-ერთი საყრდენი სვეტი იყო და ამ მიმართულებით მუშაობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. სსრკ-ის არსებობის ბოლო ათწლეულებში რელიგიასთან ბრძოლა გაფერმკრთალდა, დაიკარგა დინამიკურობა. ეს მოვლენა აისახა ამ პერიოდში გამოცემულ პლაკატებზე. 

დაგვიანებული ბრძოლა საქმოსნებთან


ფოტო: FUEL

პლაკატი 1984 წელს არის გამოცემული. აქ კრიტიკის ობიექტი იმდენად "საბჭოთა ნაძირალა" არაა, რამდენადაც "ბიზნესმენი მისტერ ჯონი". ამავდროულად, პლაკატი ნათლად აჩვენებს, როგორ შეიცვალა ამ დროისთვის ანტირელიგიური ბრძოლის მიდგომები. 

ამ დროისთვის სსრკ-ში უკვე არსებობს ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველ-რუსული კულტურის მუზეუმი. უშუალოდ ანდრეი რუბლიოვის სახელი კი, მსოფლიომ ანდრეი ტარკოვისკის იმავე სახელწოდების მქონე ფილმის მეშვეობით გაიგო.

ცხადია, კრიტიკა ვერ შემოტრიალდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში მრავალი ქრისტიანული მემკვიდრეობის ძეგლი გაანადგურა. პლაკატი აკრიტიკებს ე.წ. საქმოსნებს, რუსულად ფარცოვშიკებს - ასე უწოდებდნენ ადამიანებს, რომლებიც კერძოდ ვაჭრობდნენ სხვადასხვა საქონლით, რაც სსრკ-ში, ცხადია, უკანონო ქმედებას წარმოადგენდა. 

ჰიპი — სუპერვარკვლავი


ფოტო: FUEL
 

1970-იან წლებში საბჭოთა კავშირში პოპულარული გახდა რელიგიური სიმბოლიკა. რელიგიური დანიშნულების ნივთები პოპულარული გახდა არამხოლოდ ასაკოვან ადამიანებში, არამედ, ახალგაზრდებშიც. ამ დროს გამოვიდა როკ-ოპერა - იესო ქრისტე სუპერვარკვლავი. ამის კვალდაკვალ ქრისტიანობა აქტუალური გახდა იმ დროის ჰიპებში. ცხადია, მოვლენას უნდა გამოეხმაურებოდნენ ანტირელიგიური პროპაგანდისტებიც. 

განსაკუთრებით საინტერესოა პლაკატზე გამოსახული კულტურული ალუზიები. მათ შორის ტექსტი, ალექსანდრ პუშკინის პოემასთან, "რუსლან და ლუდმილა" რეფერირებს, ხოლო ჰიპის გამოსახულება - ალექსანდრ ივანოვის ტილოს ქრისტეს გამოცხადებით არის შთაგონებული.

კომენტარები