ცოტნე გამსახურდიას საქმე

ექიმი: გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია - სტაბილურად მძიმე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ექიმის თქმით, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.

"პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა, კვლავ სტაბილურად მძიმეა. გართულებას ადგილი არ ჰქონია. სასიცოცხლო პარამეტრები ჯერჯერობით ნორმის ფარგლებშია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ, მდგომარეობა უცვლელია" - ამბობს ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმი ბესარიონ გოგიტიძე.

ცოტნე გამსახურდია თბილისში 19 დეკემბერს დაჭრეს. მას გულ-მკერდისა და თავის არეში ორი მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე 5 პირი დააკავა. ორ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინა, სამს კი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით. ოთხ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ერთი პირი კი, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. 

კომენტარები