ერეკლე კუხიანიძე

კუხიანიძე: ყოველდღე, დილა-საღამოს ბოდიში უნდა ვიხადო? რაღაც კატეგორია აყვირდა, მერე რა?

"ყოველდღე, დილა-საღამოს ბოდიში უნდა ვიხადო?"-თქვა უმრავლესობის ყოფილმა წევრმა და საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ, ვაჟა გაფრინდაშვილზე მის მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით.

"ახალგაზრდები მოითხოვენ ამას? ახალგაზრდები ვერც ხვდებოდნენ, რას ლაპარაკობდნენ. ეს ახალგაზრდები გულწრფელად მეცოდებიან იმიტომ, რომ ესინი სათამაშოები ნაცისტური მოძრაობის ხელში. ხალხის რაღაც კატეგორია აყვირდა, კი, მერე რა? რამდენი ადამიანია, რომელიც მხარს მიჭერს",-თქვა კუხიანიძემ.  

კუხიანიძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს და ამბობს, რომ მანდატის დატოვებას არ აპირებს.

"რა თქმა უნდა, „ოცნებამ“ შეცდომა დაუშვა. კიდევ ერთხელ მივმართავ ბატონ ბიძინას, ძალიან ვთხოვ, რომ შემხვდეს და ყველაფერს მოვუყვები რა და როგორ ხდება. არავითარ შემთხვევაში მანდატს არ დავტოვებ იმიტომ, რომ ეს მანდატი საფუძველია, რომ ეს ბრძოლა გავაგრძელო",-თქვა ერეკლე კუხიანიძემ. 

დღეს, 24 დეკემბერს, საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი მოითხოვდა, სხდომა ერეკლე კუხიანიძეს დაეტოვებინა. მას ფიზიკურად "ოცნების" წევრი, გიორგი დოხტურიშვილი დაუპირისპირდა.

ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობა 18 დეკემბერს დაატოვებინეს.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

კომენტარები