სასამართლო სისტემა

უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის წესზე ომბუდსმენის სარჩელს საკონსტიტუციო განიხილავს

0 კომენტარი

საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 20 დეკემბერს არსებითად განსახილველად მიიღო სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის კონსტიტუციურობას ეხება.

კონსტიტუციურ სარჩელში ომბუდსმენი სადავოს ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ფარული კენჭისყრით შერჩევის წესს, რომლის დროსაც არ ხდება დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის დასაბუთება.

საოქმო ჩანაწერის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას ორი მიმართულებით შეაფასებს:

  • რამდენად არღვევს მოქმედი რეგულაცია საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას
  • იწვევს თუ არა მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას იმ თვალსაზრისით, რომ მათი საქმე შეიძლება განიხილოს გაუმჭვირვალე პროცედურის შედეგად შერჩეულმა მოსამართლეებმა

საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებაში პირველად განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე გულისხმობს პირის უფლებას, საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტებულ სასამართლოს.

ამავდროულად პლენუმმა დაადგინა, რომ ყველა სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება დაექვემდებაროს სამომავლოდ გაუქმებას, თუ იგი არაუფლებამოსილი პირის მიერ იქნება გამოტანილი.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მნიშვნელოვანი სამართლებრივი განმარტება გააკეთა აღნიშნული საოქმო ჩანაწერით. მის მიხედვით, იმ კანდიდატებს, რომელთა შერჩევაც არ მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, აქვთ უფლება მიმართონ საერთო სასამართლოებს ზოგადი წესის მიხედვით თავიანთი უფლებების დასაცავად. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის პროცედურის განსაზღვრაზე საუბრობდა OSCE/ODIHR თავის სამართლებრივ დასკვნაში, მაგრამ აღნიშნულის განმსაზღვრელი პირდაპირი რეგულაცია არ გაიწერა კანონმდებლობაში.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის შუამდგომლობა, რომელშიც მოთხოვნილი იყო, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ნორმების შეჩერება. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა სადავო ნორმების შეჩერების მიზანშეწონილობის საკითხის კვლავ განხილვა, მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში, უზენაესი სასამართლოს 2 წევრის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის გამო გამოცხადდება კანდიდატთა შერჩევის ახალი პროცედურა.

უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლე უვადოდ საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს დაამტკიცა. 

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დარღვევებზე საუბრობდნენ.

პარლამენტს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმაც მიმართა წერილით, მხარი არ დაუჭიროს არც ერთ კანდიდატს და არგუმენტებად 10 მიზეზი ჩამოთვალა.

შერჩევის პროცესი ომბუდსმენმაც შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. სწორედ ამ სარჩელის არსებითად განხილვას იწყებს საკონსტიტუციო სასამართლო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები