აშშ-საქართველო

კალაძე სახ. დეპ-ის განცხადებაზე: ყველაფერი საუკეთესო არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერი, კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაჟინებულ მოწოდებაზე, ზრუნველყოს მთავრობამ პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან, ამბობს, რომ "გამოწვევები, რა თქმა უნდა, არსებობს და ყველაფერი საუკეთესო არცერთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაშია არ არის." 

"შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ”,-თქვა თბილისის მერმა. 

კალაძემ გავრცელებულ განცხადებაში ამოიკითხა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები სასამართლოს მიმართულებით განხორციელებულ რეფორმას დადებითად აფასებენ.

„მთავარი იყო ის, რომ დადებითად აფასებენ რეფორმას, რომელიც იყო განხორციელებული სასამართლოს მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დადებითად აფასებენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიის გამტკიცების თვალსაზრისით, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რაც, რა თქმა უნდა, დასაფასებელია. ისინი რეალურად ხედავენ და აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე დადებით მოვლენებს”,-თქვა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 დეკემბერს, აშშ-ის სახემლწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას დაჟინებით მოუწოდა, უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია ნათქვამი. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს დაცულ, კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიულ საქართველოს.

კომენტარები