სახელისუფლებო ტროლები

კობახიძე: დეზინფორმაციის გავრცელებაზე პარლამენტში კანონი გვაქვს ინიცირებული

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეზინფორმაცია არა მხოლოდ ფეისბუქში, არამედ სატელევიზიო სივრცეშიც ვრცელდება. ამიტომაც, მისი თქმით, მმართველ გუნდს აქვს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც დეზინფორმაციის თავიდან აცილებას გულისხმობს. 

"პრობლემა არ არის მხოლოდ ფეისბუქი, პრობლემა არის სატელევიზიო სივრცეც, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება დეზინფორმაცია და მოედინება აგრესია. ჩვენ გვაქვს ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელზეც მსჯელობა გაგრძელდება და რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებას შეუშლის ხელს", - ამბობს კობახიძე. 

მმართველი გუნდი მედიის შემზღუდავ კანონპროექტზე კიდევ ერთხელ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ფეისბუქმა კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში ჩართული ასობით გვერდი გააუქმა. 

ამასთან, კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ჩაუშვა პლატფორმა, რომლის მიზანიც მედიის კრიტიკაა. მთავარი კრიტიკოსები მმართველი გუნდის მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები არიან, უკვე გამოქვეყნებული მასალები კი ხელისუფლების პოლიტიკის და რეფორმების მხარდამჭერია.

ცილისწამების შესახებ კანონზე საუბარი პირველად პრეზიდენტმა 2019 წლის საახალწლო მილოცვისას დაიწყო. მისი თქმით, "ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას".

ამის შემდეგ, ცილისწამებაზე საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა საქართველოს პატრიარქმა. მისი თქმით, "არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც".

ილია მეორემ თქვა, რომ სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, "მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები