მდგომარეობა ციხეებში

კობახიძე ციხეებზე ომბუდსმენის ანგარიშზე: სისტემური პრობლემა როდის იყო, ჩემზე კარგად იცით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ ციხეების შესახებ ომბუდსმენის ანგარიშში კონკრეტული ფაქტები არის, თითოეულ შემთხვევაზე საჭიროა რეაგირება.

რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს როდის იყო, მასზე კარგად იციან.

"ფაქტები არის? ფაქტები განვიხილოთ და ამის მიხედვით გამოვიტანოთ დასკვნები. ვნახოთ ფაქტები და თუ არის ფაქტი, თითოეულ შემთხვევაზე საჭიროა რეაგირება და დარწმუნებული ვარ, იქნება. რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, როდის იყო და როდის აღიკვეთა, ჩემზე კარგად იცით", - თქვა კობახიძემ.

პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ მიუთითა ქართული ოცნების აქციასთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადებაზე, სადაც ნინო ლომჯარია რეგიონებში ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ორივე შემთხვევაში საჭიროა ფაქტები.

"ორი კვირის წინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ სახალხო დამცველის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეგვეჩერებინა თურმე საჯარო მოსამსახურეების იძულებით ჩამოყვანა თბილისში აქციაზე. აი, ტროლებზე და ბოტებზე რომ არის საუბარი, დაახლოებით ანალოგიური ხასიათის დეზინფორმაცია იყო ეს, იმიტომ რომ 30 ათასამდე ადამიანის სახლში დატოვება მოგვიწია, იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ იყო სათანადო რაოდენობით უზრუნველყოფილი. ასეთი ბოტებით და ტროლებით არ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ. როცა საუბარია პრობლემაზე, იქ უნდა იყოს მითითებული ფაქტებიც. როცა საუბარია საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლაზე, ფაქტები უნდა იყოს მოცემული და ნული ფაქტი იყო იმ შემთხვევაში, როცა საუბარია ძალადობაზე, აქაც ფაქტები უნდა იყოს მითითებული", - თქვა კობახიძემ.

სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში ციხეებში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ არაფორმალური მმართველები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და სხვა პატიმრებს აიძულებენ დაემორჩილონ მათ წესებს. ანგარიშში საუბარია ფიზიკურ და მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, გამოძალვაზე, დამცირებაზე.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში სრულად.

კომენტარები