დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

ჯონსონი: რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის საკითხზე ვცდებოდი

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა Spectator-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთთან დაკავშირებით ცდებოდა და მოსკოვთან ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებლად აღარ მიაჩნია:

"რაზეც ძალიან შემეცვალა აზრი არის რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის საკითხი. მართლა ვფიქრობდი, ისევე როგორც, ჩემი აზრით, ბევრი საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერმინისტრი ფიქრობდა მანამდე, რომ რუსეთთან ურთიერთობებს ხელახლა დავიწყებდით, რომ ეს არის შესანიშნავი ქვეყანა, რომელთან ერთადაც ფაშიზმს ვებრძოდით. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ვცდებოდი." თქვა მან.

მანამდე ჯონსონი ესტონეთს ეწვია, სადაც თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვს, თუმცა ორ ქვეყანას საშინელი პრობლემები აშორებს.

"ჩვენ გვსურს უკეთესი სავაჭრო ურთიერთობები, მეტი ვაჭრობა, მაგრამ ყოველთვის გულდასაწყვეტია იმიტომ, რომ საშინელი პრობლემები გვაქვს." თქვა მან.

დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი რუსული ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით მოწამლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმის უკან GRU-ს აგენტები იდგნენ. პასუხად ბრიტანეთმა რუსი დიპლომატები გააძევა, რასაც რუსეთმა იმავე ნაბიჯით უპასუხა.

კომენტარები