ირანი

ირანში საპროტესტო აქციის გამართვამდე ინტერნეტში შეზღუდვა დააწესეს

REUTERS

ირანში საპროტესტო აქციის გამართვამდე ინტერნეტში შეზღუდვა დააწესეს.

ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში მობილური ინტერნეტით უცხოურ საიტებზე წვდომა აკრძალეს. შეზღუდვა მას შემდეგ დააწესეს, რაც სოციალურ ქსელში ხვალ საპროტესტო აქცია დააანონსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სიახლეების სააგენტოები ავრცელებენ. 

ირანულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტომ უშიშროების მაღალჩინოსნების მოთხოვნის შემდეგ ცენტრალურ, დასავლეთ და შორეულ სამხრეთ პროვინციებში გათიშეს ინტერნეტი.

სიახლეების სააგენტო ILNA წერს, რომ შესაძლოა, ინტერნეტ შეზღუდვა სხვა პროვინციებზეც გავრცელდეს.

ნოემბერში, აქციების მიმდინარეობისას, როდესაც ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა სრულად გაწყვიტეს, აშშ-მა ირანის კომუნიკაციების მინისტრს ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის გამო სანქციები დაუწესა.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ ერთ ლიტრ საწვავზე ფასის 10,000 რიალიდან 15,000 რიალამდე ($0.13) გაზარა და რაციონები დააწესა. ახალი წესების მიხედვით, მანქანის ყველა მფლობელს შეუძლია 60 ლიტრი ბენზინი იყიდოს თვეში, ლიტრი 15 000 რიალად (0.13$). ყოველი დაატებითი ლიტრი 30 000 რიალი ჯდება.

მანამდე მძღოლებს შეეძლოთ 250 ლიტრი ბენზინის ყიდვა თვეში, ლიტრი 10 000 რიალად. მთავრობა ამბობს, რომ ბენზინზე სუბსიდიების მოხსნის შედეგად მიღებული შემოსავლები გამოყენებული იქნება დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის.

საპროტესტო აქციები 93 ქალაქში გაიმართა. მომიტინგეებმა დაწვეს 100-მდე ბანკის შენობა. ქალაქ ისპაჰანში დაწვეს პოლიციის შენობა. ქალაქ ისლამშეჰრში კი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ფოტოები დაწვეს შეძახილებით "სიკვდილი დიქტატორს".

აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 304 ადამიანი მოკლეს.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ "მტრის გეგმაზე" გამარჯვება გამოაცხადა და თქვა, რომ "დივერსიული ელემენტების" უკან აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი იდგნენ.

ირანის ეკონომიკაზე გავლენა აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მოახდინა. სანქციები ირანს ხელახლა მას შემდეგ დაუწესა, რაც დონალდ ტრამპმა ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და აშშ შეთანხმებიდან გაიყვანა.

კომენტარები