საგადასახადო დავალიანება

ჯანგირაშვილი: ინკასო დაედო ჩემს ანგარიშებს, ეს TV კავკასიის გაჩერებას ნიშნავს

ტელეკომპანია კავკასიის დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის თქმით, მის ანგარიშებს ყადაღა დაედო. ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებისგან 1 ოქტომბრიდან დაგროვილი დავალიანების ძირის დაფარვას ითხოვდა.

"აჰა, მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს, ამის გამო ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია" - წერს ჯანგირაშვილი Facebook-ზე. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. უწყებამ ტელევიზიებს ერთი დღის ვადას მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ. ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ გადასახადების გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ ძველ დავალიანებებს გადაახდევინებდნენ იმედს, რუსთავი 2-ს და მაესტროს.

"იქამდე მე ჩემს დავალიანებას არ გადავიხდი. ჯერ მითხრან, როდის იხდის იმედი იმ 19 მილიონს, რაც 14 აგვისტოს მდგომარეობით ჰქონდა. მითხრან, რამდენი აქვს რუსთავი 2-ს ვალი და როდის იხდის 27 მილიონს, ასევე როდის იხდის მაესტრო 8 მილიონს" - ამბობს ჯანგირაშვილი და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს "არა მხოლოდ საკონსტიტუციოში, არამედ ყველგან" უჩივლებს, სადაც შესაძლებელი იქნება. ჯანგირაშვილის შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ტელევიზიების  არაკონკურენტუნარიან მდგომარეობაში ჩაყენებაა. 

"დამიბრუნონ მთელი ამ წლების განმავლობაში გადახდილი თანხა იმის პროპორციულად, რასაც ახლა პატიობენ იმედს, რუსთავი 2-ს და „მაესტროს“. თორემ ვუჩივლებ ყველგან, სადაც შესაძლებელია. ჩემს სასაცილო თეთრებზეა საუბარი იმათი მილიონების ფონზე“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

დავალიანებები, რომლებზეც ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი საუბრობს, "იმედს", რუსთავი 2-ს და მაესტროს 2016 წლის შემდეგ, 1 ოქტომბრამდე დაუგროვდათ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის, "ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი".

კომენტარები