არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე დაინტერესდა, აქვს, თუ არა ჟიჟილაშვილს კითხვები ვაჟა ფშაველასთან

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, ქართულია და შემდეგ - პროდასავლური, „ცალსახად“. ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა მას რამდენჯერმე სთხოვა განმარტება, თუ რას გულისხმობდა ქართულ და პროდასავლურ ორიენტაციაში და რაში ეწინააღმდეგებოდა ერთი მეორეს.

თალაკვაძის თქმით, ხელისუფლების ვალდებულება ჯერ ეროვნული ინტერესების დაცვაა და შემდეგ არიან პროდასავლელები. „პროდასავლელი ნიშნავს, რომ შენ ჯერ შენი ქვეყნის ინტერესებს აცნობიერებ და შემდეგ გადიხარ უკვე დასავლურ სივრცეში სამუშაოდ,“ - აღნიშნა თალაკვაძემ.

ჟიჟილაშვილმა მას სთხოვა განემარტა განსხვავება, როდესაც საუბარია ღირებულებებზე, საერთო უსაფრთხოებაზე და ქართული საზოგადოების პროდასავლურ არჩევანზე. ჟურნალისტმა ასევე გაიხსენა პრორუსული ნარატივი და პრორუსული ჯგუფების გზავნილი პოლიტიკურ ორიენტაციაზე, რომ მათ „პროქართულობა“ ურჩევნიათ.

თალაკვაძის თქმით, ტერმინი პროქართული, რასაც საქართველოში ანტიდასავლური ჯგუფები ხშირად იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ვექტორის აღსაწერად, არასოდეს გაუგია და არც უხსენებია.

„ქართული ეს არის ეროვნული მასშტაბი, ეროვნული ინტერესები და ეროვნული ღირებულებები. ჩვენი ისტორია, აწმყო და მომავალი. პროდასავლური უკვე ეს არის გლობალური დონე. ეს არის განსხვავება. ეროვნული დონე და გლობალური დონე,“ - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტის მორიგ რეპლიკაზე, რომ ეს ინტერესები თანხვედრაშია და ასე თვლის, თუ არა თავად თალაკვაძე, მას ვაჟა ფშაველა და მისი წერილი „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი“ გაახსენდა.

"არ ვიცი ახლა, ვაჟა-ფშაველასთან გაქვთ კითხვები? - თქვა მან, რაზეც ნინო ჟიჟილაშვილმა მიუგო, რომ თალაკვაძეს ვაჟა ფშაველად ვერ აღიქვამს.

"მე ამ ფილოსოფიაზე გავიზარდე და ამას ვიზიარებ. ჩემი ცნობიერება ასეა, ასე გავიზარდე მე ჩემს ოჯახში და ჩემს სკოლაში სადაც მასწავლიდნენ და დღემდე ასე ვფიქრობ და მჯერა, რომ შენ თუ შენი ქვეყანა არ გეყვარება, შენ თუ შენს ქვეყანაში ერთი აგურის დადებას ვერ ახერხებ, მაშინ გლობალური მშენებლობის პროცესში ვერანაირად ვერ მიიღებ მონაწილეობას. არც ამერიკას არ სჭირდება პარტნიორი, რომელსაც თავისი ინტერესები არ ესმის,"- თქვა თალაკვაძემ.

კომენტარები