საგადასახადო დავალიანება

მედიაზე ზეწოლა სირცხილია - აქტივისტები ტელეკომპანია კავკასიასთან აქციას მართავენ

ტელეკომპანია კავკასიასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

აქტივისტები ფინანსთა სამინისტროს მიერ რამდენიმე ტელევიზიისათვის, მათ შორის, რუსთავი 2-ის, TV პირველის და კავკასიისთვის ინკასოს დადებას აპროტესტებენ.

"ეს არის მარტივად დასანახი ხელწერა ქართული ოცნების, რომელსაც არ მოსწონს მასზე კრიტიკულად განწყობილი თავისუფალი მედია", - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

აქტივისტების თქმით, ტელეკომპანია კავკასიის შემდეგ, ისინი აპირებენ TV პირველთან და რუსთავი 2-თან მისვლას.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის, რუსთავი 2-ის და კავკასიის ანგარიშებს ინკასო 25 დეკემბერს დაედო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა.

უწყებამ ტელევიზიებს ერთი დღის ვადას მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

ტვ კავკასიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ გადასახადების გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ ძველ დავალიანებებს გადაახდევინებდნენ იმედს, რუსთავი 2-ს და მაესტროს.

"ჯერ მითხრან, როდის იხდის იმედი იმ 19 მილიონს, რაც 14 აგვისტოს მდგომარეობით ჰქონდა. მითხრან, რამდენი აქვს რუსთავი 2-ს ვალი და როდის იხდის 27 მილიონს, ასევე როდის იხდის მაესტრო 8 მილიონს" - ამბობს ჯანგირაშვილი და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს "არა მხოლოდ საკონსტიტუციოში, არამედ ყველგან" უჩივლებს, სადაც შესაძლებელი იქნება.

ძველი დავალიანებები, რომლებზეც ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი საუბრობს, "იმედს", რუსთავი 2-ს და მაესტროს 2016 წლიდან 2019 წლის 1 ოქტომბრამდე დაუგროვდათ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის, "ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი".

კომენტარები