ახლო აღმოსავლეთი

ერდოღანი: ლიბიაში "ვაგნერის" 2 ათასი რუსი მებრძოლი იმყოფება

ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Ruptly

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ ლიბიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის ვაგნერის 2 ათასამდე რუსი მებრძოლი იმყოფება. თავის მხრივ, ვაგნერი დაკავშირებულია პუტინის მზარეულის სახელით ცნობილ ევგენი პრიგოჟინთან. მოსკოვი ლიბიაში ვაგნერის მებრძოლების ყოფნას უარყოფს. 

"რა მიზეზით და რა მიზნით იმყოფება დღეს ლიბიაში 5 ათასამდე დაქირავებული მებრძოლი სუდანიდან, ვაგნერის 2 ათასამდე მებრძოლი რუსეთიდან? რას აკეთებენ ისინი ლიბიაში?", — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანის სიტყვებს თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ, ლიბიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ამჟამად, ერთამანეთს ნაციონალური არმია და ნაციონალური ერთობის მთავრობა უპირისპირდება. ფელდმარშალ ხალიფა ხაფტარის მეთაურობით, არმია ქვეყნის დედაქალაქის გარდა თითქმის ყველა დიდ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. ერთობის მთავრობა ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით კონტროლს ინარჩუნებს დედაქალაქ ტრიპოლიზე. 

სამოქალაქო კონფლიქტში თურქეთი ზურგს ფაიზ სარაჯს უმაგრებს. ნოემბერში ანკარასა და ტრიპოლის შორის სამხედრო თანამშრომლობის აქტი გაფორმდა. მაშინ ერდოღანი ამბობდა, რომ თურქეთი მზადაა, სარაჯის დასახმარებლად ლიბიაში ჯარი გაგზავნოს. 

რაც შეეხება ხალიფა ხაფტარს, გავრცელებული ინფორმაციით, ხალიფას ახლო კავშირი აქვს მოსკოვთან. 2018 წლის ნოემბერში შედგა ხაფტარისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს შეხვედრა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ინფორმაციით, რუსეთი მხარს უჭერს ლიბიაში არსებული კონფლიქტის ყველა მხარეს, რათა ვითარება მშვიდობიანად განიმუხტოს. 

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, სექტემბერში ლიბიაში ვაგნერის ასამდე მებრძოლი ჩავიდა. გამოცემაში ამბობდნენ, რომ ვაგნერის მებრძოლებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ ტრიპოლის აღების ოპერაციაში, რომელსაც ხაფტარი, უკვე რამდენიმე თვეა, ამზადებს. 

ოქტომბერში გამოცემა Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია ლიბიაში დისლოცირებულ ვაგნერის ათეულობით მებრძოლზე. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ხაფტარს იარაღთან ერთად მძიმე შეიარაღებას აწვდის. გამოცემაში ამბობდნენ, რომ ვაგნერის მებრძოლებთან ერთად ლიბიაში გრუ-ს სპეცრაზმის თანამშრომლებიც იმყოფებიან, რომლის დახმარებითაც, ბენ-ღაზიში ხაფტარმა ორი სამხედრო ბაზა გამართა. 

ლიბიაში რუსი სამხედროების დისლოცირებაზე წერდა რუსული გამოცემა RBC. გამოცემის წყაროს მიხედვით, რუსი სამხედროების რაოდენობა ლიბიაში ბოლო რამდენიმე თვეა იზრდება. 

რაც შეეხება რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, მოსკოვი ლიბიაში მიმდინარე კონფლიქტთან ნებისმიერ კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ლიბიაში რუსი სამხედროები არ იმყოფებიან. 

არსებული ინფორმაციით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლები მსოფლიოს რამდენიმე კონფლიქტურ რეგიონში იმყოფებიან. მათ შორის, სირიაში, ვენესუელაში და სამხრეთ აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში. 

2017 წელს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რუსულად მოსაუბრე პირები სირიაში დაკავებულ კაცს აწამებენ, უროთი სცემენ, ხელებს და თავს აჭრიან, შემდეგ კი, სხეულს წვავენ. მაშინ ვიდეოში ასახული პირების ამოცნობა ვერ მოხერხდა, თუმცა გასულ კვირას გავრცელდა ვიდეოს უფრო ვრცელი ვერსია, რომელშიც რუსულმა მედიამ რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" მებრძოლები ამოიცნო.

კომენტარები