ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

წულუკიანი გაფრინდაშვილზე: მთავრობის ძალისხმევა უპრეცედენტოა

იუსტიციის მინისტრის თქმით, მთავრობის ძალისხმევა უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად არის უპრეცედენტო და ეს პროცესი გაგრძელდება. 

წულუკიანის თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების განცხადებები  მნიშვნელოვანი არ არის. 

"მთავრობის ძალისხმევა არის რა თქმა უნდა უპრეცედენტო და მომავალშიც გაგრძელდება ეს პროცესი. რაც შეეხება არაღიარებული ე.წ. ხელისუფლების და მისი წარმომადგენლების თუ მეთაურების განცხადებებს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არ არის ისინი რას თვლიან კანონიერად, კანონიერად ჩვენ ვთვლით იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება ექიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა. გაფრინდაშვილს ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით "გაასამართლეს".

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა და მისგან ამ "დანაშაულის აღიარებას" ითხოვს. თუმცა, გაფრინდაშვილი ამაზე უარს აცხადებს. მისი ადვოკატი, ვლადიმირ ფიდაროვიც ამბიბს, რომ მის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და კვლავ აგრძელებს ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიები და საოკუპაციო ძალები. სწორედ ამ არაღიარების გამო მიუსაჯეს პატიმრობა ვაჟა გაფრინდაშვილს. 

მან ოკუპანტებს გატაცების დღესაც უთხრა რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები