მედია

მაჭავარიანი: ტელევიზიების ანგარიშებისთვის ინკასოს დადების გადაწყვეტილება პირადად მივიღე

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრი, ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ ტელევიზიების ანგარიშებისთის ინკასოს დადების გადაწყვეტილება მან პირადად მიიღო.

გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში მაჭავარიანმა თქვა, რომ ქვეყანაში იყო მანკიერი პრაქტიკა, როცა მსხვილი ტელევიზიები არ იხდიდნენ გადასახადებს მაშინ, როცა პატარა ტელევიზიები კეთილსინდისიერი გადამხდელები იყვნენ. თუმცა ახლა მათაც უარი თქვეს გადახდაზე, რაც, რამდენიმე თვეში მსხვილ დავალიანებად გადაიზრდებოდა.

"ჩვენ გვქონდა გამოკვეთილი მანკიერი პრაქტიკა ქვეყანაში, როცა ხდებოდა ვალების დაგროვება. ეს არის ბოლო ათწლეულების მოცემულობა. ამ ყველაფერში „მოწინავე“ იყო „რუსთავი 2“, თუმცა სხვა ტელევიზიებიც არ აკლებდნენ.

პატარა ტელევიზიები პატიოსნად სულდგმულობდნენ ამ პერიოდის განმავლობაში. როცა მსხვილმა ტელევიზიებმა რატომღაც ეს მანკიერი პრაქტიკა აიტაცეს.

შემდეგ მოხდა არაერთი ჩამოწერა, პოლიტიკური აქტი, ამნისტიის ბუნების მქონე და ყველაფერი იწყებოდა ახალი ფურცლიდან, ახლიდან იწყებოდა ვალების დაგროვება. მას შემდეგ, რაც მე გავხდი მინისტრი, ვნახე, რომ ამ ტელევიზიებს ჰქონდათ ძალიან დიდი ვალები, თუმცა კარგად მესმის, რომ ჩნდება კითხვა - რატომ მაშინვე არ მოხდა რეაგირება?

დღეს ამ ვალის მოთხოვნა გამოიწვევს დახურვას. არა მხოლოდ მყისიერი გადახდა - მოკლე ვადაშიც რომ მოვთხოვოთ, 1, 2 წელიწადში დაფარვა, დაიხურება. შედვივართ საარჩევნო ციკლში, შევდივართ ურთულეს პოლიტიკურად ცხელ პერიოდში. შესაბამისად, ახლა მოთხოვნა და მთლიანად ამოღება აღიქმებოდა მედიაზე ზეწოლად და არც თუ უსაფუძვლოდ ალბათ.

ამიტომ ვთქვით, რომ მოდი, დავიწყოთ ძველ ვალებზე საუბარი, რესტრუქტურიზაცია, მაქსიმალურად ვიქნებით გახსნილები, რბილები, მაგრამ მიმდინარე აღარ დავაგროვოთ.

მაგრამ ხდება შემდეგი რამ:

სექტემბერი - მოლაპარაკებები, ვერ ვთანხმდებით, იმიტომ რომ მძიმე ტვირთია, რუსთავი 2-ს გამოსდიოდა 25 თუ 26 მილიონი, ძნელია ამის განაწილადება, იგივეა იმედი და მაესტრო ჯამში. მაგრამ ყველას ვუთხარით, რომ მიმდინარე გადაეხადათ. ამ პერიოდისთვის პატარები ჯერ კიდევ კარგ გადამხდელად რჩებიან.

ოქტომბრიდან ისევ ვალის დაგროვება დაიწყეს. მათ შორის ტვ პირველის მიერ.

არანაირი მოცემულობა, რომ ეს ვალი არ გასამმაგდებოდა, არ იყო. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მე პირადად მივიღე ეეს გადაწყვეტილება. არასდროს დამთავრდება ეს ისტორია, თუ ასე არ მოხდა. პრევენციულად ვქენით. დღეს ტვ პირველისთვის ეს არ არის მძიმე, შეუძლია გადახდა. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, თანხა იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ ვერ გადაიხდიდნენ", - თქვა ფინანსთა მინისტრმა.

ტელეკომპანიებს "კავკასია", ტვ პირველი და რუსთავი 2 ფინანსთა სამინისტრომ ინკასო გუშინ, 25 დეკემბერს დაადო. 

ტელეკომპანია კავკასიის დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა თქვა, რომ არ გადაიხდის დავალიანებას მანამ, სანამ დავალიანებას არ გაიხდის ტელეკომპანია იმედიც. 

"დამიბრუნონ მთელი ამ წლების განმავლობაში გადახდილი თანხა იმის პროპორციულად, რასაც ახლა პატიობენ იმედს და „მაესტროს“. თორემ ვუჩივლებ ყველგან, სადაც შესაძლებელია. ჩემს სასაცილო თეთრებზეა საუბარი იმათი მილიონების ფონზე", - თქვა ჯანგირაშვილმა. 

დავალიანებები, რომლებზეც ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი საუბრობს, "იმედს", რუსთავი 2-ს და მაესტროს 2016 წლის შემდეგ, 1 ოქტომბრამდე დაუგროვდათ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის, "ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი".

კომენტარები