იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის საბჭომ კიდევ 6 კანდიდატი შეარჩია, მათ შორის სილაგაძე, რომელიც პარლამენტმა დაიწუნა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს კიდევ 6 კანდიდატი შეარჩია. საბჭოში სხდომა 26 დეკემბერს გაიმართა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა ილონა თოდუას, გენადი მაკარაძის, ნინო სანდოძის, პაატა სილაგაძის, გიორგი ტყავაძის და თეა ძიმისტარაშვილის კანდიდატურებს. აღსანიშნავია, რომ სილაგაძე იმ ოცკაციან სიაშიც იყო, რომლიდანაც პარლამენტმა 14 მოსამართლე დაამტკიცა. 12 დეკემბრის სხდომაზე პარლამენტმა სილაგაძეს მხარი არ დაუჭირა, თუმცა, იუსტიციის საბჭომ 26 დეკემბრის სხდომაზე მისი კანდიდატურა მაინც აარჩია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, "საბჭოს წევრთა უმრავლესობამ ისე ხისტად და შეუნიღბავად შემოხაზა კანდიდატები ბიულეტენებში, რომ ეს წინასწარ შეთანხმებაზე სერიოზულ ეჭვებს აჩენს".

"7 ბიულეტენში 6 ერთი და იგივე კანდიდატი იყო შემოხაზული. სწორედ ეს ექვსი წარედგინა საქართველოს პარლამენტს" - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი და აღნიშნავს, რომ ე.წ ჩინჩალაძის კლანის გარდა, არავინ იცის, რა დამსახურებისთვის აირჩიეს ეს ექვსი მოსამართლე.

_________________________________________________________________________

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დარღვევებზე საუბრობდნენ. პარლამენტს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმაც მიმართა წერილით, მხარი არ დაუჭიროს არც ერთ კანდიდატს და არგუმენტებად 10 მიზეზი ჩამოთვალა.

შერჩევის პროცესი ომბუდსმენმაც შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.

2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარსდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება.

როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს.

კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. 

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 კანდიდატი შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა და სწორედ მათ გაესაუბრა პარლამენტი. თუმცა, საბჭოს არამოსამართლე წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ოპოზიციას პროცესის არალეგიტიმურობაზე საუბარი არ შეუწყვეტია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები