საქართველო - რუსეთი

RIA: მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ამოტრიალდა, 2 დაღუპული და ყველა დაშავებული ქართველია

ლიპეცკის რეგიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსკოვიდან თბილისში მიმავალი ავტობუსი ამოტრიალდა და ორი ადამიანი დაიღუპა. რუსული სიახლეების სააგენტო RIA რეგიონის სასწრაფო დახმარების სამსახურის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავტობუსის 17-ვე მგზავრი, მათ შორის დაღუპულები, საქართველოს მოქალაქეები არიან. ქართველია ავტობუსის მძღოლიც.

ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ავტოავარიის საკითხს კონსული ლიპეცკის ოლქის საგანგებო სიტუაციების უწყებასთან არკვევს.

"განახლებული მონაცემების თანახმად, ავტობუსის გადატრიალების დროს, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დანარჩენ 16 ადამიანს ექიმები ამოწმებენ”, - წერს RIA წყაროზე დაყრდნობით.

რუსული მედია ასევე წერს, რომ ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების უწყების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 18:40 საათზე, სტანოვლიანსკის რაიონის სოფელ იარლუკინოს მახლობლად, M-4 ავტომაგისტრალის 356-ე კილომეტრზე მოხდა.

რუსულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ყინულიან გზაზე ავტობუსის მოცურებაა. ასევე ამბობენ, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულები ქალები არიან. 

კომენტარები