სირია

ტრამპი: რუსეთი, სირია და ირანი ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს კლავენ იდლიბში

დონალდ ტრამპი
CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე სირიის რეჟიმი და მისი მოკავშირეები გააფრთხილა შეწყვიტონ იდლიბში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის ხოცვა:

"რუსეთი, სირია და ირანი ხოცავენ, ან ემზადებიან დახოცონ ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე იდლიბის პროვინციაში. არ გააკეთოთ ეს! თურქეთი ბევრს მუშაობს ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად."

ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე მიმდინარე წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

რუსეთმა და თურქეთმა გასული წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიხედვით იდლიბის პროვინციაში და მიმდებარე ტერიტორიაზე დაბომბვას 304 ბავშვი და 11 მაშველი ემსხვერპლა.

ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ბაშარ ალ-ასადის ძალების და მათი მოკავშირე რუსი სამხედროების თავდასხმას იდლიბში 21 მშვიდობიანი მაქალაქის, მათ შორის 10 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მიმდინარე კვირას ერდოღანმა თქვა, რომ იდლიბის პროვინციიდან ასადის რეჟიმისა და რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო თურქეთის საზღვრისაკენ 80,000-ზე მეტი ადამიანი დაიძრა. მისივე თქმით თურქეთს მიგრანტების ახალ ნაკადთან გამკლავება არ შეუძლია და ახალ ნაკადს ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს.

კომენტარები