ზურაბ დათუნაშვილი

გეგა გეგეშიძეს ზურაბ დათუნაშვილის მოთხოვნით, განრიდება გაუფორმდა

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, რომელმაც სპორტსმენზე ფიზიკურად იძალადა, განრიდება გაუფორმდა. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე გაითხოვა.

​როგორც პროკურორი, ასევე ადვოკატი ამბობენ, რომ ეს დაზარალებულის, ზურაბ დათუნაშვილის მოთხოვნა იყო.

"დაზარალებულმა მოითხოვა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებულიყო სისხლის სამართლის დევნის ალტერნატიული მექანიზმი - განრიდება. მხარეებმა სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით ბრალდებულის სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისათვის დაბრუნების თაობაზე. სასამართლომ, ვინაიდან შუამდგომლობა იყო დასაბუთებული, გასცა განჩინება და პროკურატურას დაუბრუნდა საქმე იმისათვის, რომ მომდევნოში, მომავალში ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნეს განრიდება", - თქვა პროკურორმა, გრიგოლ აბაშიძემ.

საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსმენა გუშინ, 26 დეკემბერს გაიმართა. გეგა გეგეშიძის ადვოკატის თქმით, მხარეები მორიგდნენ და კონფლიქტი აღარ არსებობს.

"პროკურატურამ უკან გაითხოვა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე იმიტომ, რომ ფაქტობრივად, მხარეები, დათუნაშვილი და გეგეშიძე მორიგდნენ, შერიგდნენ, მათ შორის კონფლიქტი აღარ არსებობს. ფაქტობრივად, დაინტერესებული მხარე ამ კონფლიქტით აღარ არსებობს და მხარეთა შერიგების გამო ეს შუამდგომლობა დადგა", - თქვა მარინა ცუცქირიძემ.

2019 წლის 11 იანვარს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს, სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგეშიძეს ხელში ჯაჭვი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს.

თავად გეგა გეგეშიძემ დარტყმის ფაქტი უარყო. 22 იანვარს ის დააკავეს, თუმცა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა. ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე გეგა გეგეშიძემ ზურაბ დათუნაშვილს ბოდიში მოუხადა, თუმცა, მოჭიდავემ მოთხოვნა - გეგეშიძის გადადგომა ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან უცვლელი დატოვა. 

მიუხედავად ამისა, გეგეშიძე კვლავ ფედერაციის პრეზიდენტია, ზურაბ დათუნაშვილს კი ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალება არ მიეცა.

აღსანიშნავია, რომ გეგა გეგეშიძე ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერია. მისი სახელი კორცხელში მიმდინარე შუალედური არჩევნებისას მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ოპოზიციის ინფორმაციით, სწორედ გეგა გეგეშიძე ახდენდა სპორტსმენებისგან შემდგარი "ზონდერ-ჯგუფების" წევრების რეკრუტირებას. ის შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო. ამასთან, გეგა გეგეშიძის ძმა, ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე - საქართველოს ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძე სოფელ კორცხელის ინციდენტის მონაწილეა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები