წმიდა საყდარი

28 დეკემბერს თბილისში პაპი ფრაცისკეს სახელმწიფო მდივანი კარდინალი პიეტრო პაროლინი ჩამოვა

კარდინალი პიეტრო პაროლინი

პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი კარდინალი პიეტრო პაროლინი 28-30 დეკემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში ის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზს გორის მიტროპოლიტ ანდრეასთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან, ერთად. კარდინალი ეწვევა იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებას წეროვანში და შეხვდება საოკუპაციო ძალების მიერ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს. 

28 დეკემბერს 16:00 საათზე თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ცად აღყვანების კათოლიკური კათედრალურ ტაძარში კარდინალი პიეტრო პაროლინი წირვას აღავლენს, რის შემდეგაც ის 19:00-21:00 საათებში თბილისის საკრებულოს შენობაში ოფიციალურ მიღებას უმასპინძლებს. 

29 დეკემბერს კი 15:00-დან 18:30-მდე კარდინალი საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრს ეწვევა, სადაც ის კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა 25 წელზე მეტხნიანი საქველმოქმედო საქმიანობა განიხილოს. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კარდინალი ასევე შეხვდება მისი სამივე - სომხური, ასირიულ-ქალდეური და ლათინური წესის წარმომადგენლებს. 

19:00 საათზე ის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა მღვდელმთავრებს შეხვდება. 

კარდინალი პიეტრო პაროლინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილე, როდესაც პაპმა და წმიდა საყდარმა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოში მშვიდობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი არაერთი განცხადება გააკეთეს. 

კარდინალი პაროლინი საქართველოს პირველად ეწვევა. 

კომენტარები