თბილისის ზღვა

მერია თბილისის ზღვის სახიფათო ადგილებში ბარიერების განთავსების ვალდებულებას ასაჩივრებს 

0 კომენტარი
ფოტო: droa.ge

თბილისის მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მას თბილისის ზღვაზე ერთ-ერთ სახიფათო ადგილას გამაფრთხილებელი ბანერების და ბარიერების დამონტაჟება დაევალა.

ადგილებში, სადაც მოსარჩელეები მერიას ბარიერების და გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟებას სთხოვდნენ, ბოლო წლებში რამდენიმე არასრულწლოვანი დაიხრჩო.

მერიას სასამართლოს გზით უსაფრთხოების ზომების მიღება ორი დაღუპული ახალგაზრდის ოჯახმა მიმართა.

"ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია არის „სიკვდილის ზონა“ თბილისის ზღვაზე, სადაც ბანაობა განსაკუთრებით საშიშია და აკრძალულია, მაგრამ ამის შესახებ მოქალაქეები არც ინფორმირებული არიან და არც გადაულახავი ბარიერი ეღობებათ.

2017 წელს სწორედ ამ ადგილას დაიღუპა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის 15 წლის ვაჟი, ცოტნე ცქიტიშვილი. ერთი წლით ადრე იქვე დაიღუპა მაკა წიკლაურის ვაჟი, 14 წლის ნოდარ შამათავაც.

ორმა დაზარალებულმა ოჯახმა 2017 წლის დეკემბერში ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღდეგ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე დაევალა გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე - ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს", - წერია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში, რომელსაც სწორედ ალეკო ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

როგორც გაირკვა, თბილისის მერია უარს აცხადებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და მიაჩნია, რომ ქალაქში მსგავსი უბედური შემთხვევების პრევენციაზე პასუხისმგებელი არ არის.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მერიის სააპელაციო სარჩელის საპასუხოდ სააპელაციო შესაგებელი მოამზადა. დაზარალებული მხარე სააპელაციო სასამართლოში, ასევე, თვითონაც ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მას უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები