ოკუპირებული რეგიონი

ბიბილოვთან შეხვედრა ახალგორელების დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა

Tamar Mearakishvili / Ekho Kavkaza

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი საახალწლო ღონისძიებაზე 26 დეკემბერს ახალგორში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. 

ეხო კავკაზას ინფორმაციით, შეხვედრა დასრულებამდე დემონსტრაციულად დატოვეს ახალგორელებმა, რადგან მათ ბიბილოვის პასუხები არ მოეწონათ. მოსახლეობის მთავარი შეკითხვები ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვას ეხებოდა, რომელიც საოკუპაციო ძალებმა თვითნებურად ჩაკეტეს სექტემბერში, რითიც ახალგორის მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა აეკრძალა, შესაბამისად, ისინი ვერ იღებენ პენსიებს, ვერ გადმოდიან ახლობლებისა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად, ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას და ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას. 

მარიონეტი პრეზიდენტი მთელი შეხვედრის განმავლობაში ამ შეკითხვას თავიდან იცილებდა და ახალგორელებს მოუწოდებდა, შეკითხვით ოფიციალური თბილისისთვის მიემართათ. 

მარიონეტმა პრეზიდენტმა ახალგორელებს უთხრა, რომ სანამ ქართველები წნელისში საგუშაგოს არ აიღებენ, ე.წ გამშვები პუნქტი არ გაიხსნება. 

"თუკი ჩვენ ერთი მთელი ვართ, მაშინ, მოდით ერთად გადავჭრათ ის პრობლემა, რამაც გამშვები პუნქტის ჩაკეტვის პროვოცირება მოახდინა. ჩვენ ხომ ერთად ვართ? მოდით, ერთად მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გააქრონ თავიანთი საგუშაგო," - უთხრა ბიბილოვმა ახალგორელებს.

ბიბილოვის ამ სიტყვას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ერთერთმა ახალგორელმა პენსიონერმა კაცმა შეხვედრაზე უარი თქვა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პასპორტზე. კაცმა ბიბილოვს უთხრა, რომ ის 77 წლისაა, 3 შვილი ჰყავს და სამივე მათგანი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს. მისი თქმით, ის ვერც კი უშვებს, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ვეღარასდროს შეძლებს თავის შვილებთან კონტაქტს. 

"ეს თქვენი გადაწყვეტილებაა. მე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ბევრი ადამიანისთვის სამხრეთ ოსეთი [ოკუპირებული ცხინვალი] სამშობლო არაა, მას ჯერ კიდევ ვერ იღებენ,"- უთხრა ბიბილოვმა მოხუც კაცს. 

კიდევ ერთმა 70-ოდე წლის ქალმა ბიბილოვს მიმართა და უთხრა, რომ ის და მისი ქმარი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ ვერ გადადიან და რომ ამ მკურნალობაზე მათი სიცოცხლეა დამოკიდებული. ქალი ამბობდა, რომ მას მეორე სტადიის სიმსივნე აქვს. 

"სად უნდა წავიდე, რას მირჩევთ? არ არის ცხინვალში ასეთი დონის დაწესებულება, რომ ონკოლოგიურ ავადმყოფებს მოემსახურონ და ახალგორშიც არაა ასეთი დონე. ჩვენ გვაქვს სამხრეთ ოსეთის პასპორტი - მეც და ჩემს ქმარსაც. ჩემს ქმარს გულის დაავადება აწუხებს, ორ თვეში ერთხელ უნდა გაიაროს მკურნალობა. აი, უკვე 6 თვეა, მე და ჩემი ქმარი აქ ვიმყოფებით და გასვლა არ შეგვიძლია, რათა კონსულტაცია გავიაროთ. მე 3 შეტყობინება მივიღე ონკოლოგიური საავადმყოფოდან. ისინი მახსენებენ, რომ მე უნდა გავიარო მკურნალობა. როგორ არ გრცხვენიათ, ახალ წელს რომ გვილოცავთ?! როგორ შეგიძლიათ, რომ ისეთ ავადმყოფებს, როგორიც მე ვარ, ახალი წელი მოგვილოცოთ?!" - ჰკითხა ბიბილოვს მოხუცმა ქალმა. 

ბიბილოვმა ქალს უთხრა, რომ მას შეუძლია არ მიიღოს ეს მილოცვა. 

კიდევ ერთმა მგლოვიარე ქალმა ბიბილოვს ტირილით მიმართ:

"მე შვილი მომიკვდა და 40 დღის განმავლობაში არ მიშვებდნენ. არ გეცოდებით?"

ბიბილოვმა თქვა, რომ ყველა პასუხისმგებლობა, რომელიც ოკუპირებულმა მხარემ თავის თავზე აიღო, ძალაში რჩება: მოხუცები წეროვანში პენსიების მისაღებად წასვლას შეძლებენ და ჯანდაცვის პრობლემების მქონეთა ნაწილს ასევე მიეცემათ შესაძლებლობა, სამკურნალოდ თბილისში წავიდნენ. 

ხოლო მათ, ვისაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოჯახის წევრების მონახულება ან სასწავლებლად გადასვლა სურთ, მარიონეტმა პრეზიდენტმა ურჩია, საქართველოს ხელისუფლებას მიწერონ წერილი და მოუწოდონ, აიღონ საგუშაგო. 

შეხვედრას ახალგორელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ ახალგორელები ბიბოლოვის პასუხებითა და ახსნით უკმაყოფილოები იყვნენ. 

შეხვედრის ბევრმა მონაწილემ დასრულებამდე დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი. ისინი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: "ხომ ხედავთ, როგორაა განწყობილი, როგორ უნდა ველაპარაკოთ?"

კომენტარები