მედიაგარემო

ტელეკომპანია იმედი: გაუგებარია ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები

იმედი

ტელეკომპანია იმედი ტელევიზიების გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ "ტელევიზია შეშფოთებას გამოთქვამს იმ ორმაგი სტანდარტის გამო", რომელიც ბოლო დღეებში განვითარდა.

"იმედში" ამბობენ, რომ ტელეკომპანიის მიმართ გამოთქმული ბრალდებები გაუგებარია.

ტელევიზიაში განმარტავენ, რომ როდესაც ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მაუწყებლებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა, იმედმა "უმოკლეს ვადებში" წარადგინა დავალიანების გადახდის გრაფიკი და მიმდინარე გადასახადის გადახდა დაიწყო.

მედიაში ამბობენ, რომ ტელეკომპანიის მიმდინარე დავალიანება, დღეის მდგომარეობით, შეადგენს ნულს.

გთავაზობთ ტელეკომპანიის განცხადებას უცვლელად:

"იმედის ჰოლდინგი გამოთქვმს შეშფოთებას იმ ორმაგი სტანდარტის გამო, რასაც თვალს ვადევნებთ ბოლო დღეების განმავლობაში - გაუგებარია ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები იმის ფონზე, რომ, სინამდვილეში, თავის დროზე, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით არაკონკურენტულ გარემოში ჩვენი მაშინდელი პირდაპირი კონკურენტის - ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

მაშინ "რუსთავი 2"-მა შეწყვიტა გადასახადების გადახდა და ეს პირდაპირი ეთერით გვამცნო. ამ ტელეკომპანიამ დემონსტრაციულად შეაჩერა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, რითაც მოიპოვა სრულიად უსამართლო და დაუმსახურებელი კონკურენტული უპირატესობა, "რუსთავი 2" ბიუჯეტში გადასახდელი თანხის "დაზოგვით" აუმჯობესებდა თავის სამაუწყებლო პროდუქტებს, რაც მაუწყებლის შემოსავლის ზრდის პირდაპირპროპორციულია. თუმცა, მაშინ არც საპროტესტო აქცია გვინახავს და არც არსებული უსამართლო გარემოს მთავარი განმაპირობებელი პირების მიმართ გამოთქმული პრეტენზია მოგვისმენია.

ტელეკომპანია "იმედი", მიუხედავად "რუსთავი 2"-ის გადაწყვეტილებისა, დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდა გადასახადების გადახდას იმ კრიტიკულ მომენტამდე, როცა შეგვექმნა ჩიხური მდგომარეობა და ჩვენი შემოსავლისა და ხარჯის ბალანსმა ფიზიკურად აღარ მოგვცა სრულყოფილი ფუნქციონირების საშუალება. სწორედ ამის გამო გახდა "იმედი" იძულებული, შეეჩერებინა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.

ასევე შეგახსენებთ, რომ, როგორც კი ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მოუწოდა მაუწყებლებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისკენ, ჩვენ უმოკლეს ვადებში წარვადგინეთ დავალიანების გადახდის გრაფიკი და დავიწყეთ მიმდინარე გადასახდის გადახდა. დღეის მდომარეობით, ჩვენი მიმდინარე დავალიანება შეადგენს ნულს. დარჩენილ დავალიანებას კი, დავფარავთ სრულად, იმგვარი გრაფიკით, რომ ჩვენს ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანიები არ დადგნენ დახურვის საფრთხის წინაშე", - წერია "იმედის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია პირველს და კავკასიას დავალიანების გადახდის დაგვიანების გამო ინკასო ფინანსთა სამინისტრომ ორი დღის წინ დაადო.

უწყებამ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. სამინისტრომ ტელევიზიებს ერთი დღის ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

ტვ კავკასიის დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის თქმით, გადასახადების გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ ძველ დავალიანებებს გადაახდევინებდნენ ტელევიზიებს, რომლებიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად არ არიან განწყობილი - იმედს, რუსთავი 2-ს და მაესტროს.

დავალიანებები "იმედს", რუსთავი 2-სა და მაესტროს 2016 წლის შემდეგ, 1 ოქტომბრამდე დაუგროვდათ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის, მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება. სწორედ დიდი ტელევიზიების დავალიებების გამო, ამ თანხების დაფარვამდე, გადასახადების გადახდაზე უარი თქვეს კავკასიამ და ტვ პირველმა.

აქვე, მედია მენეჯერების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან დღეს, 27 დეკემბერს შედგა და ის ტვ პირველის გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, ვანო მაჭავარიანმა თავის წინამორბედ მინისტრებს "უტრაკოები" უწოდა. ინგა გრიგოლიას შეფასებით, ხელისუფლებამ პოლიტიკური შტურმი მიიტანა თავისუფალ მედიაზე.

კომენტარები