ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილი: ვიცოდი რომ მხარდაჭერა იქნებოდა, მაგრამ ამას არ ველოდი

ტაბულა

დღეს გათავისუფლებულმა ქართველმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბრიფინგს მართავს.

ვაჟა გაფრინდაშვილმა ბრიფინგის დასაწყიში ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

"დიდი მადლობა ყველას, ცოტას ვნერვიულობ, არ ვარ მიჩვეული სახალხო გამოსვლებს, ჩემი დიქციიდან გამომდინარე ყოველთვის ვერიდებოდი. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო რომ ექიმობა ავირჩიე, სადაც უფრო სხვებს უსმენ და უფრო ნაკლებს შენ ლაპარაკობ. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, სამწუხაროდ იქ ნაკლებად მქონდა ინფორმაცია, სულ ორჯერ შევძელი ტელევიზიის ნახვა და ისიც მარტო პირველ არხს იჭერდა. ერთხელ იყო ცხინვალის ტელევიზიაში გადაცემა და მცირე ინფორმაციას ვიღებდი ადგილობრივი გაზეთებიდან. ვიცოდი რომ იქნებოდა მხარდაჭერა, მაგრამ ამხელა მხარდაჭერას ნამდვილად არ ველოდი. ერთ-ერთი მიზეზი ჩემი, თვენახევრის, 7 კვირა გამოვიდა ზუსტად იყო ეს მხარდაჭერა, რასაც ვგრძნობდი და რაც ვიცოდი რომ იქნებოდავი, მაგრამ რეალობამ ბევრად გადააჭარბა მოლოდინს", - თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 28 დეკემბერს გათავისუფლდა. ის ოკუპანტებს 45 დღის განმავლობაში ჰყავდათ გატაცებული. 

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა. გაფრინდაშვილი ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით "გაასამართლეს".

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა. საოკუპაციო რეჟიმი მისგან “დანაშაულის აღიარებას" ითხოვდა, თუმცა, გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები