პლანეტის უმდიდრესი ადამიანები

2019 წელს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 5,9 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა

ამერიკულმა გამოცემა Bloomberg-მა მილიარდელთა ყოველწლიური ინდექსი განაახლა. 2019 წელს პლანეტის უმდიდრესი 500 ადამიანის ქონება 25%-ით გაიზარდა და 5,9 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. წელს უმდიდრესი ადამიანების შემოსავალი 1,2 ტრილიონით გაიზარდა. 

წელს ყველაზე წარმატებული მილიარდელი ფრანგი ბერნარ არნოა. პრემიუმ ბრენდების ჰოლდინგის LVMH-ის ქონება წელს 36 მილიარდი დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესდა არნოს პოზიციაც და ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. არნო, ჯეფ ბეზოსთან და ბილ გეიტსთან ერთად იმ ადამიანების სამეულში შედის, რომელთა ქონებაც 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 

სიაში მყოფი 172 ამერიკელი მილიარდელის ქონება წელს ჯამურად 500 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ყველაზე წარმატებულ ამერიკელებს შორის არიან მარკ ზაკერბერგი, რომლის ქონებაც წელს 27 მილიარდით გაიზარდა და ბილ გეიტსი, რომლის მატებამაც დაახლოებით 23 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ჩინეთს, გამოცემის ინფორმაციით ქვეყნის წარმომადგენლობა რეიტინგში 54 ადამიანამდე გაიზარდა. 

სიაში მოხვდნენ მილიარდელები, რომელთათვისაც მიმდინარე წელი უიღბლო აღმოჩნდა და მათი ქონება შემცირდა. წელს არ გაუმართლა მედია მაგნატ რუპერტ მერდოკს, რომლის ქონებაც 10 მილიარდი დოლარით შემცირდა. 

2 მილიარდი დოლარი დაკარგა კომპანია Interactive Brokers-ის მფლობელმა, ტომას პოტერფიმ. რეიტინგიდან გამოვარდა ადამ ნიუმაკი, რომლის კომპანიის WeWork-ის ღირებულება 47 მილიარდიდან 8 მილიარდამდე შემცირდა. წარუმატებლობის მიუხედავად, ნიუმაკი მილიარდელის სტატუსს მაინც ინარჩუნებს, გამოცემის ინფორმაციით მისი ქონება 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

კომენტარები