ეკონომიკური ზრდა

გახარია: 2019 წელს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს

0 კომენტარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

გიორგი გახარიას თქმით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს.

პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, მთავრობა საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებს წლის საბოლოო მონაცემებს.

„საკმაოდ კარგი ციფრები გვაქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 თვის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 5%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ წლის საბოლოო მონაცემებსაც.

კარგი მონაცემები გვაქვს მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, გვაქვს 14%-იანი ზრდა, თუმცა, ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა მაქსიმალურად დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს. კარგი გვაქვს მონაცემები ასევე ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ციფრმა გადააჭარბა 9 მილიონს და დღეს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ტურიზმის სააგენტოს ანგარიში და გეგმები მოვისმინოთ. დღეს ასევე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები- მესტია, გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი მზად არიან უმასპინძლონ როგორც უცხოელ სტუმრებს, ასევე ტურისტებს საქართველოდან", - აღნიშნა გახარიამ.

რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ 2019 წლის ნოემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 7%-ს აღწევს.

2020 წლის ბიუჯეტი კი 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ისაუბრა სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესზეც.

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ დავიწყეთ დაჩქარებული პრივატიზაცია, რაც ნიშნავს 100 ქონებას, რომელიც მუდმივად იქნება ეკონომიკის სამინისტროს ნუსხაში და გვაძლევს შესაძლებლობას გავააქტიუროთ ის აქტივები, რაც აქამდე ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებდა. თვის განმავლობაში მოხდა 28 ქონების რეალიზაცია, რაც დაახლოებით 45 მილიონ ლარს აღემატება“, - განაცხადა გახარიამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები