ნარკორეალიზატორების დაკავება

შსს: ფონიჭალაში 6 მსხვილი ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ფონიჭალაში 6 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

კერძოდ:

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1958 წელს დაბადებული ა.ჯ., 1981 წელს დაბადებული რ.ა., 1970 წელს დაბადებული ჰ.ჯ., 1974 წელს დაბადებული კ.ჯ., 1992 წელს დაბადებული ა.მ. და 1976 წელს დაბადებული რ.ჯ. მათ ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედებათ.

მათ 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებები საკონტროლოდ შეიძინეს და ეს პროცესი ფარულად გადაიღეს.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 68 შეკვრა ჰეროინი, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ის ცნობით, ერთ-ერთ დაკავებულს, 1970 წელს დაბადებულ ჰ.ჯ.-ს ბრალი ასევე ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ტტ-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 273-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 31 000 აბი სუბუტექსი და სუბოქსინი, 32 კილოგრამი ჰეროინი, 2 კილოგრამი და 200 გრამი კოკაინი, 22 კილოგრამი და 10 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ, 25 კილოგრამი მდმა, 10 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 2 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები.

კომენტარები