ახალი წელი 2020

მერია: კარვები საშობაო მარკეტის მოსაწყობად ავიღეთ, იქამდე აქციის მონაწილეები გავაფრთხილეთ

ნოდარ რუხაძე

თბილისის მერიის მტკიცებით, მათ წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ.

"ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ავიღეთ ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურა, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს" - აცხადებს თბილისის მერია. 

რამდენიმე საათის წინ, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა - დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანა. მათ ასევე აიღეს პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გაშლილი კარავი. მას ნახევარი საათი მისცეს, რომ ნივთები ტერიტორიიდან გაეტანა.

თბილსერვის ჯგუფის ბოლო მანქანაზე ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ავიდა და ცდილობდა, მანქანისთვის დაძვრის საშუალება არ მიეცა. საბოლოოდ, თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლებმა დეპუტატი მანქანიდან ჩამოსვეს და ტერიტორია დატოვეს. ელენე ხოშტარიას შეფასებით, მხდალი ადამიანები ქურდბაცაცულად მოიქცნენ. 

ადგილზე შეიკრიბა სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას წევრები და ოპოზიციონერები. პარლამენტთან ამ წუთებში დაპირისპირებაა. პოლიცია აქციის მონაწილეების დაკავებას ცდილობს. სამართალდამცველებმა სცადეს ბექა ბასილაიას და მარიამ გეგუჩაძის დაკავება, რისი საშუალებაც მათ სამოქალაქო აქტივსტებმა არ მისცეს.

კომენტარები