ისრაელი

ნეთანიაჰუ ქნესეთს იმუნიტეტს სთხოვს მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების ფონზე

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოთხშაბათს, პირველ იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის საპარლამენტო ორგანოს, ქნესეთს სთხოვს იმუნიტეტს მის წინააღმდეგ აღძრული სამი საქმის ფონზე.

ნეთანიაჰუ იმუნიტეტის მოთხოვნას უახლოეს დღეებში გაუგზავნის ქნესეთის სპიკერს, იული ედელშტაინს. თუმცა დიდია შანსი, პროცესი დიდხანს გაიწელოს - ქნესეთი დაშლილია ვადამდელი არჩევნების მოლოდინში, რომელიც 2020 წლის 2 მარტს უნდა გაიმართოს. ეს არჩევნები უკვე მესამე იქნება გასული ერთი წლის მანძილზე.

ისრაელში გამართული წინა ვადამდელ არჩევნებზე ოპოზიციურმა ბლოკმა კახოლ-ლავანმა 33 მანდატი მიიღო, ხოლო ნეთანიაჰუს ლიკუდმა 31. უპირატესობის მიუხედავად, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პირველი მანდატი პრეზიდენტმა რივლინმა სწორედ ნეთანიაჰუს მისცა, რადგანაც დეპუტატების უმეტესობამ მოქმედ პრემიერს დაუჭირა მხარი. 

შედარებითი უპირატესობის მიუხედავად, ნეთანიაჰუმ კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო და ოქტომბერში მანდატი პრეზიდენტს დაუბრუნა. ამის შემდეგ, მანდატი უკვე ოპოზიციის ლიდერს ბენი განცს ერგო, თუმცა კოალიციის ჩამოყალიბება ვერც განცმა შეძლო. ამის შემდეგ ქნესეთმა თვითდაშლა გამოაცხადა და უკვე მესამე ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. 

ნეთანიაჰუს ბრალად ედება მდიდარი ბიზნესმენისგან საჩუქრების მიღება, რასაც ნეთანიაჰუ არ აღიარებს და ამბობს, რომ ის თავისი მემარცხენე ოპონენტებისა და მედიის მიერ "კუდიანებზე დევნის" მსხვერპლია

კომენტარები