კარვების აღება

მერია ითხოვს რესპუბლიკის მოედანზე მყოფმა გარემოვაჭრეებმა პარლამენტთან გადაინაცვლონ

Delphica Sibyl

​თბილისის მერიას რესპუბლიკის მოედანზე მყოფი გარემოვაჭრეების პარლამენტთან გადაყვანა სურს, თუმცა ისინი არ თანხმდებიან.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ 25 დეკემბრიდან რესპუბლიკის მოედანზე არიან და მერიის წარმომადგენლები მათთან ამ დრომდე არ მისულან.

მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ პარლამენტთან ვაჭრობა ტერიტორიიდან კარვების გატანის გამო არ სურს, ნაწილი კი მიზეზად შესაძლო ნაკლებ შემოსავალს ასახელებს.

"გვეუბნებიან ახლა გავხსენით ბაზრობა, იქ უნდა გადახვიდეთ და იქ ივაჭროთო. ჩვენ არ გვინდა, იმიტომ რომ იქ ხალხი რომ აყარეს და ძალიან დიდ უბედურებაში არიან, ახლა მივიდეთ და... მორალურად არ შემიძლია იქ ბურთები ვაფრიალო, მე განვიცდი ამ მდგომარეობას", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე ტვ პირველთან.

"ამ ქარში მოვედი სიცხიანი ქალი, ვის რას ვუშავებ... იქ რა მინდა, პარლამენტთან ნაძვის ხე არ არის, ბავშვები არ მოდიან და არაფერი. უნდა ვიდგე, რა ვიცი აბა, თუ არ წამართვეს და არ წამგლიჯეს ბანდიტებივით", - აღნიშნავს კიდევ ერთი მოვაჭრე.

მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი კი ირწმუნება, რომ ამ ადამიანებს რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობისთვის ოფიციალური ნებართვა არ აქვთ და იქ "დაბინძურება გამოიწვიეს".

"არ იმყოფებოდნენ აქ, მიმდებარედ იმყოფებოდნენ და გამოიწვიეს დაბინძურება მიმდებარე ტერიტორიის. ფაქტები მაქვს მე გადაღებული, რომ ნერგები დააზიანეს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დილით რომ მოვედით, დასუფთავების სამსახურთან ერთად მოხდა მისი დასუფთავება. ახლა მოწესრიგებულად, გაშლილია დახლები, სადაც მიღებულია ვაჭრობა, გადავიდნენ და ივაჭრონ იქ. დავალება ჩვენი ხელმძღვანელობისგან მაქვს და ფაქტია ეს რა. ოფიციალური ნებართვა მათ არ ჰქონიათ", - ამბობს მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი ტელეკომპანია პირველთან.

მის საპასუხოდ კი ერთ-ერთი მოვაჭრე ინტერესდება, თუ ნებართვა არ ჰქონდათ, რატომ არ მივიდნენ მერიის წარმომადგენლები აქამდე.

​"პირველ რიცხვამდე აქ ვიდექით და მაშინ გვქონდა ნებართვა? თუ ვაბინძურებდით, ეს ბინძური ხალხი იქ რომ გადავალთ, იქ არ დაბინძურდება? იგივე ბინძური ხალხი ვართ ხო, სიტყვაზე, მათი სიტყვებიდან გამომდინარე. აქ დაბინძურება არ შეიძლება და იქ შეიძლება?", - ამბობს მოვაჭრე ტვ პირველთან.

ტაბულა დაუკავშირდა თბილისის მერიას, სადაც ამბობენ, რომ რესპუბლიკის მოედანზე მცირე მეწარმეთა სავაჭრო დახლებია განთავსებული და იქ მოსახვედრად წინასწარი რეგისტრაცია იყო საჭირო.

"გარევაჭრობა ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. რაც შეეხება რესპუბლიკის მოედანს, სადაც განთავსებულია მცირე მეწარმეთა სავაჭრო სახლები, აქ მოსახვედრად მერიას წინასწარ ჰქონდა გამოცხადებული რეგისტრაცია. შესაბამისად, რესპუბლიკის მოედანზე მყოფ გარემოვაჭრეებს შეეთავაზათ რაიონების მიხედვით გამოყოფილი სპეციალური ადგილები, მათ შორის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსებულია დახლები და დაინტერესებული პირები შეძლებენ ვაჭრობას სათანადო პირობებში", - ამბობენ მერიაში.

კითხვას, რატომ არ გადაიყვანეს გარემოვაჭრეები ტერიტორიიდან აქამდე, უწყებაში პასუხობენ, რომ ისინი თავდაპირველად გააფრთხილეს და მხოლოდ ამის შემდეგ აუკრძალეს ვაჭრობა.

"მუნიციპალური ინსპექციის მიერ რამდენჯერმე მოხდა გარემოვაჭრეების გაფრთხილება და მხოლოდ ამის Შემდეგ აეკრძალათ მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე გარევაჭრობა და შეეთავაზათ სხვადასხვა ლოკაციები მათ შორის პარლამენტის მიმდებარედ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 23 დეკემბრიდან გადიოდა საინფორმაციო რგოლები, სადაც მითითებული იყო 10-ვე რაიონის კონკრეტული ლოკაციები სადაც საახალწლო პერიოდᲨი დაშვებულია გარევაჭრობა", - ამბობენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა - დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანა. მათი განცხადებით, ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტს აწყობდნენ. მათივე მტკიცებით, ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს.

პარლამენტს წინ მიიტანეს სასრიალო ბატუტიც, რომელიც ღამითვე გაბერეს, თუმცა მეორე დღეს ბატუტი აიღეს, რადგან მისი ვიზუალი თბილისის მერისთვის "სრულიად მიუღებელი" აღმოჩნდა.

სავაჭრო დახლები პარლამენტთან დღემდე თავისუფალი იყო. გარემოვაჭრეების სწორედ ამ დახლებთან გადაყვანა სურს თბილისის მერიას.

კომენტარები