აშშ - ირანი

ერაყელები ქუჩაში სოლეიმანის სიკვდილს აღნიშნავენ [VIDEO]

აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის დროს, ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლის, აშშ-ის ტერორისტთა სიაში შემავალი, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Twitte-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ აღნიშნავენ ერაყელები ქუჩაში სოლეიმანის სიკვდილს.

"ერაყელები ქუჩაში თავისუფლებისთვის ცეკვავენ. მადლიერები არიან, რომ გენერალი სოლეიმანი აღარ არის," - წერს ვიდეოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

ვიდეოს რამდენიმე საათში უკვე ორ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. აღნიშნული ვიდეო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის Twitter-ის გვერდზეც გააზიარა.

YouTube-ში ერაყის ქუჩებში გადაღებული სხვა ვიდეოებიც ვრცელდება:

სოლეიმანი ირანის რეჟიმის ერთერთი გავლენიანი ფიგურა იყო, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორსპუსის ყველაზე ელიტალურ ქვედანაყოფს "ყუდსი" მეთაურობდა. 

ბაღდადის აეროპორტში სოლეიმანის ავტოკოლონა აშშ-ის უპილოტო დრონით მოკლეს.

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის მიზანი ირანიდან ორგანიზებული თავდასხმების შეჩერება იყო. რამდენიმე დღის წინ ერაყში დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოს შტურმით აღება ცადეს. თავდასხმის ორგანიზატორად სწორედ ყასემ სოლეიმანი მიიჩნეოდა. 

ამერიკელი სამხედროების ცნობით, სოლეიმანი ასეულობით ამერიკელი სამხედროს მკვლელობაზე და დაჭრაზეა პასუხისმგებელი. ისლამური რევოლუციის მცვლეთა კორპუსში დაადასტურეს შიიტური გასამხაედროებული დაჯგუფების "ქათაიბ ჰეზბოლას" ლიდერის, აბუ მაჰდი მუჰანდიზის სიკვდილიც.

"ქათაიბ ჰეზბოლა" 2007 წელს ირანის დახმარებით შეიქმნა. აშშ-ის ცნობით ორგანიზაციის მთავარი სპონსორი სწორედ, ირანი იყო, ასევე, ირანიდან იღებდა შეიარაღებასაც. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ახლო აღმოსავლეთში ანტი-ამერიკული ტერორისტული ორგანიზაციების მთავარი პარტნიორია.

ასევე, შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილ ერაყის სამ სამხედრო ლიდერს ერაყელი მომიტინგეების მოკვლისა და ძალადობისთვის სანქციები დაუწესა.

2003 წლიდან ირანის მიერ მხარდაჭერილ სამხედრო დაჯგუფებებს და პოლიტიკოსებს დიდი გავლენა აქვთ ერაყის სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ერაყელი მომიტინგეები მათ კორუფციული საქმიანობების გამო სიღარიბის არსებობასა და უმუშევრობაშიც ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში ირანს ადანაშაულებენ.

კომენტარები