აშშ - ირანი

ტრამპი ტერორისტებს: გიპოვით, გაგანადგურებთ. ყოველთვის დავიცავთ ამერიკელებს და მოკავშირეებს

"ჩვენ თქვენ გიპოვით, ჩვენ თქვენ გაგანადგურებთ, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენ დიპლომატებს, სამხედროებს, ყველა ამერიკელს და ჩვენ მოკავშირეებს," - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტერორისტებს, ვისაც განძრახული აქვს ავნოს ამერიკელებს.

ტრამპმა თქვა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და ქურთების სამხედრო ძალა სოლეიმანის მეთაურობით კლავდა და აშავებდა ასობით ამერიკელ სამოქალაქო და სამხედრო პირს.

"ბოლოდროინდელი თავდასხმები ერაყში აშშ-ზე, მათ შორის, სარაკეტო თავდასხმები, რამაც მოკლა ერთი ამერიკელი და ოთხი ამერიკელი სამხედროს დაშავება გამოიწვია, ასევე ძალადობრივი თავდასხმა ჩენ საელჩოზე ბაღდადში - სოლეიმანის მითითებით განხორციელდა... მისი ტერორი დასრულებულია".

აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ სულ ახლახანს ის მომიტინგეთა წინააღმდეგ ირანში სასტიკ რეპრესიას უძღვებოდა - "1000-ზე მეტი უდანაშაულო მოქალაქე საკუთარმა მთავრობამ მოკლა და აწამა".

ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით თქვა, რომ გუშინდელი ქმედების მიზანი ომის შეჩერება იყო და არა ომის დაწყება.

პრეზიდენტის თქმით, ის ირანელ ხალხს დიდ პატივს ცემს "ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან ბრწყინვალე მემკვიდრეობითა და შეუზღუდავი პოტენციალით...მომავალი ირანელ ხალხს ეკუთვნის, მათ ვინც მშვიდობიან თანაარსებობას და თანამშრომლობას ესწრაფვის და არა ტერორის ბოსებს, რომლებიც ძარცვავენ თავიანთ ქვეყანას, რათა საზღვარგარეთ სისხლისღვრა დააფინანსონ."

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ ირანში რეჟიმის შეცვლას არ ესწრაფვის, თუმცა რეგიონში დესტაბილიზაციისთვის ირანის რეჟიმის აგრესია, მათ შორის, პროქსი მებრძოლების გამოყენებით უნდა დასრულებულიყო - "და ეს ახლა უნდა დასრულდეს".

ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ს საუკეთესო სამხედრო ძალები, საუკეთესო სადაზვერვო სამსახური აქვს და თუ სადმე ამერიკელებს ემუქრებიან, ამის საწინააღმდეგოდ აშშ-ს ყველა იარაღი აქვს - "მე მზად ვარ მივიღო ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც საჭიროა".

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს ბაღდადში ირანის მხარდამჭერები აშშ-ის საელჩოს დაესხნენ თავს. მათ ცეცხლი წაუკიდეს დაცვის ერთ-ერთ კოშკს და კომპლექსის გარე გალავანში შეღწევა შეძლეს, კედლებზე დატოვეს დაწერა "სოლეიმანი ჩვენი მეთაურია". აშშ-ის სამხედრო ძალებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქცია ირანის მიერ მხარდაჭერილ ერაყელ მებრძოლებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმას მოჰყვა. აშშ-მა დაჯგუფება ქათა'იბ ჰეზბოლას ბაზა 29 დეკემბერს დაბომბა. დაიღუპა სულ მცირე 25 მებრძოლი. დაბომბვა კირკუკში სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხი იყო, რასაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ში რაკეტის გაშვებაში სწორედ ქათა'იბ ჰეზბოლას ადანაშაულებს.

აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაზე პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ირანი ამისთვის პასუხს აგებდა.

3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, გავლენიანი ირანელი გენერლი, აშშ-ის ტერორისტთა სიაში შესული ყასემ სოლეიმანის გაანადგურეს.

სოლეიმანი ირანის რეჟიმის ერთერთი გავლენიანი ფიგურა იყო, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორსპუსის ყველაზე ელიტალურ ქვედანაყოფ "გუდს” მეთაურობდა. 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სოლეიმანი დიდი ხნის წინ უნდა გაენადგურებინათ.

ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა ალი ხამინეომ თქვა, რომ მათ, ვინც სოლეიმანის სისხლში გაისვარეს ხელები საშინელი შურისძიება ელოდებოდათ.

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 ჯარისკაცს აგზავნის. მაისიდან, მას შემდეგ, რაც ირანსა და აშშ-ს შორის ვითარება სულ უფრო დაიძაბა, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში უკვე დამატებით 14 000 ჯარისკაცი გააგზავნა.

კომენტარები