საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო: ერაყში საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გავაფრთხილეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმის გამო, რომ ერაყში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ გააჩნია, იქ მყოფი ქართველების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

თუმცა, უწყებაში ამბობენ, რომ ვის შესახებაც არსებობს ინფორმაცია, ისინი უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გაფრთხილებული არიან.

"ერაყში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა, გადაფარვა ხორციელდება იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოდან, შესაბამისად, არსებული სტატისტიკა ერაყში მყოფი ქართველების შესახებ, შეიძლება არ იყოს ზუსტი. თუმცა საელჩო მუშაობს ერაყში საქართველოს საპატიო კონსულების მეშვეობით იმ ქართველებთან, ვის შესახებაც არსებობს ინფორმაცია და ყველა მათგანი არის გაფრთხილებული უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ირანს, საელჩო ასევე მუშაობს მაგ მიმართულებით", - უთხრეს ტაბულას საგარეო უწყებაში.

3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, გავლენიანი ირანელი გენერალი, აშშ-ის ტერორისტთა სიაში შესული ყასემ სოლეიმანის გაანადგურეს.

სოლეიმანი ირანის რეჟიმის ერთერთი გავლენიანი ფიგურა იყო, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორსპუსის ყველაზე ელიტალურ ქვედანაყოფ "გუდს" მეთაურობდა. 

სოლეიმანის განადგურებას წინ უძღოდა ბაღდადში ირანის მხარდამჭერების თავდასხმა აშშ-ს საელჩოზე. 31 დეკემბერს მათ დაცვის ერთ-ერთ კოშკს, კომპლექსის გარე გალავანში შეღწევა შეძლეს და კედლებზე დატოვეს დაწერა "სოლეიმანი ჩვენი მეთაურია". აშშ-ის სამხედრო ძალებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მანამდე ირანის მიერ მხარდაჭერილ ერაყელ მებრძოლებზე აშშ-ს საჰაერო თავდასხმა იყო - კირკუკში თავდასხმაზე პასუხად, სადაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორი დაიღუპა, ამერიკამ ქათა'იბ ჰეზბოლას ბაზა დაბომბა.

აშშ-ის საელჩოზე 31 დეკემბრის თავდასხმაზე პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ირანი ამისთვის პასუხს აგებდა.

ცნობისთვის, 2019 წლის მაისიდან, მას შემდეგ, რაც ირანსა და აშშ-ს შორის ვითარება სულ უფრო დაიძაბა, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში უკვე დამატებით 14 000 ჯარისკაცი გააგზავნა. ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო რეგიონში, დაახლოებით, 3000 დამატებით ჯარისკაცს გაგზავნის.

კომენტარები