გარემოვაჭრეები

აქტივისტები ითხოვენ გარანტიას, რომ გარემოვაჭრეები ღონისძიებების ტერიტორიაზე იმუშავებენ

ტაბულა

თბილისის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და გარემოვაჭრეების სოლიდარობის აქცია გამართეს. ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებთან ერთად, იმყოფებოდნენ "შეცვალე", "სირცხვილია" და "გაბედე".

აქციის მონაწილეები ითხოვენ გარემოვაჭრეებს კვლავ მიეცეთ საშუალება თავიანთი პროდუქცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაყიდონ, სადაც დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დგას. მათი თქმით, კახა კალაძემ უნდა მისცეს გარანტია, რომ ეს ადამიანები საახალწლო დღეებში შეძლებენ ივაჭრონ ყველა იმ ადგილას, სადაც ღონისძიებები მიმდინარეობს.

"ქვეყნები ომს წყვეტენ ერთმანეთთან ასეთ დღესასწაულებზე. ახალი წელი ყველასთვის დღესასწაულია და ჩვენც კი, 6-თვიანი პროტესტის თავზე, გადავწყვიტეთ მორატორიუმი გამოგვეცხადებინა მორატორიუმი და ჩვენი თავისთვის და მთელი ქვეყნისთვის მიგვეცა საშუალება, შეზღუდულად, მაგრამ გვეზეიმა ახალი წელი. გრინჩმა კალაძემ მოიპარა ეს დღესასწაულიც და ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, გარემოვაჭრეებს, ვისაც ვერანაირი პირობა ვერ შეუქმნა სახელმწიფომ ღირსეული ცხოვრებისთვის, აუკრძალა ვაჭრობა და მანიპულირებს იმით, რომ შვილმოკლული კარვის ადგილას გაშლილი დახლები უნდა შეავსოთო. ამ ადამიანებმა ჩაიდინეს სამოქალაქო გმირობა, არ გაყიდეს თავიანთი ღირსება, არ დადგნენ იმ  ადგილებზე და ჩვენც გვაჩვენეს მაგალითი, როგორ არ უნდა აიღო გადმოგდებული პატარა ქრთამი თუ ლუკმა მერიის თუ სახელმწიფოს ხარჯზე, რომელიც უკვე ყველანაირ საზღვარს სცდება", - თქვა გიგა მაქარაშვილმა.

აქცია მერიასთან უკვე დასრულებულია. აქტივისტებმა დააანონსეს გარემოვაჭრეების ფლი მარკეტიც, რომელიც ხვალ, 5 იანვარს, დედაენის ბაღში, 12:00 საათიდან გაიმართება.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ​თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა, 31 დეკემბრის ღამეს, პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა ნაგვის მანქანებით გაიტანა, ტერიტორიაზე სავაჭრო დახლები და ბატუტი განათავსა. ამის გაპროტესტების დროს პოლიციამ 9 აქტივისტი დააკავა.

2 იანვარს მერიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ და გარემოვაჭრეებისგან პარლამენტთან გადასვლა მოითხოვეს. თუმცა მათი დიდი ნაწილი ამას არ თანხმდება. ზოგი ამის მიზეზად პარლამენტის ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობებს და კარვების გატანას ასახელებს, ზოგი კი შესაძლო ნაკლებ შემოსავალს.

მერია ირწმუნება, რომ რესპუბლიკის მოედანზე მხოლოდ მცირე მეწარმეების დახლებია განთავსებული და ტერიტორიაზე "უწესრიგობას" და "ქაოტურ გარევაჭრეობას" ვერ დაუშვებს.

კომენტარები