დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმე

საპატრიარქო მამალაძეზე: ჩვენ შუამდგომლობის ფორმატი გვაქვს, კარვების გაშლა არ შეგვიძლია

მთავარი არხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ამბობს, რომ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ და საპატრიარქოს სხვა ფორმატი არ აქვს.

"ძალიან მრავალი საპატრიარქოს მიერ დაყენებული შუამდგომლობიდან, დაკმაყოფილებული არის მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 5%. ეს ფორმატი აქვს საპატრიარქოს, რომ შუამდგომლობა დააყენოს. ამის იქით, სხვა ფორმატი არ გვაქვს. ამიტომ უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას", - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

ჟურნალისტის კითხვას, თუ დაინტერესდა საპატრიარქო დეკანოზ მამალაძის საკითხით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი პატიმრებს საშობაოდ შეიწყალებს, ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს, რომ ასეთი ფორმატი არ აქვთ.

"არ გვაქ ეს ფორმატი, კიდევ ერთხელ დაინტერესების. ჩვენ გავაგზავნეთ შუამდგომლობა, ეკლესიას ნუ განვიხილავთ როგორ რაღაც მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციას, რომელსაც შეუძლია პროტესტი მოაწყოს და კარვები გაშალოს. მსგავსი რამ არ იქნება. ჩვენ მივმართეთ და ეს არის ფორმატი, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა", - ამბობს ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, ცნობილია, რომ პრეზიდენტი პატიმრების შეწყალებას საშობაოდ, 7 იანვრისთვის გეგმავს. უცნობია, იქნება თუ არა შეწყალებულებს შორის გიორგი მამალაძე. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. სინოდის სხდომის მდივნის, მეუფე დანიელის თქმით, მიზეზი დეკანოზის "ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობაა".

კომენტარები