ახლო აღმოსავლეთი

პომპეო: ბრიტანელებმა, გერმანელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ აშშ-მ იხსნა ადამიანები ევროპაშიც

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ამბობს, რომ ქვედანაყოფ "ყუდსის" განეიტრალების დროს პრეზიდენტი ტრამპი მოქმედებდა სწრაფად და პასუხისმგებლიანად. მისივე თქმით, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი, რომელიც აშშ-მ ერაყში მოკლა, ამერიკელების დახოცვას აპირებდა.

"სოლეიმანი, ტერორისტი, აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში, რომელიც ათობით ან ასობით ამერიკელის სიცოცხლეს იმსხვერპლებდა. ჩვენ ვიპოვეთ შესაძლებლობა და გამოვიყენეთ. მოვაშორეთ ბრძოლის ველიდან. ჩვენ წრმატებით აღმოვფხვერით რისკი, რომელსაც მისი ტერორისტული გეგმები მოუტანდა მსოფლიოს" - თქვა პომპეომ Fox News-ის ეთერში. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ სოლეიმანის ლიკვიდაციამდე აშშ-მ პარტნიორებთანაც ისაუბრა, თუმცა, ევროპა დახმარებისთვის მზად არ აღმოჩნდა. მან ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკასაც და აღნიშნა, რომ განცხადებები, თითქოს აშშ-ს არ აქვს შემდგომი გეგმა და სტრატეგია, "ნებაყოფლობითი სიბრმავეა".

"ერთ-ერთი, რაც დღეს მოვისმინე, პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკაა, რაც უცნაურად მიმაჩნია. მაგრამ კრიტიკა იმის შესახებ, რომ არ არსებობს შემდგომი სტრატეგია, ნებაყოფლობითი სიბრმავეა. არსებობს ღრმა სტრატეგია და მისი ცენტრალური ნაწილი არის კოალიცია, რომელშიც საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები, ისრაელი შედიან. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ყველასთან, ვინც აცნობიერებს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა არის პრობლემა რეგიონში.

მე ასევე ვისურვებდი, ევროპული ქვეყნები მეტად დაგვხმარებოდნენ. ბრიტანელებმა, ფრანგებმა, გერმანელებმა, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ იმან, რაც ჩვენ, რაც ამერიკამ გააკეთა, ევროპაც იხსნა", - თქვა პომპეომ.

3 იანვარს, სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიმა, ჰეიკო მაასმა ტვიტერზე დაწერა, რომ აშშ-ის ქმედება ირანის საშიში პროვოკაციებით იყო გამოწვეული.

"თუმცა, ამ ქმედებას არ გაუადვილებია დაძაბულობის განმუხტვა. მე ეს ცხადად ვუთხარი სახელმწიფო მდივან პომპეოსაც", - თქვა მან. 

ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი ერაყში, აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს მოკლეს.

სოლეიმანი ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ყველაზე ელიტარულ ქვედანაყოფ "ყუდს" მეთაურობდა.

ის ირანში და ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამხედრო პირად ითვლებოდა. შეტევა დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა. სარაკეტო შეტევის დროს ყასემ სოლეიმანის ავტოკოლონა ბაღდადის აეროპორტში იმყოფებოდა.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები