პატრიარქის იუბილე

სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს იუბილე მიულოცა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს 87 წლის იუბილე მიულოცა

"სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო პატრიარქის დაბადების დღე. ეს არის ჩვენთვის ყველასთვის დიდი დღესასწაული. ვუსურვებ პატრიარქს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და იყოს ჩვენი ძლიერი სულიერი მამა, როგორც აქამდე, რამეთუ ამ ქვეყანას ყველაზე უფრო მეტად სჭირდება პატრიარქის ძალა და სიმშვიდე", - წერია ზურაბიშვილის ფეისბუქ-გვერდზე.

პრეზიდენტი საპატრიარქოში 20:00 საათის შემდეგ მივიდა.

მედიაში ვრცლდება ინფორმაცია, რომ საპატრიარქოში ზურაბიშვილი სინოდის წევრებს შეხვდა და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი განიხილა.

პრეზიდენტი პატიმრების შეწყალებას შობას, 7 იანვარს გეგმავს. უცნობია, იქნება თუ არა შეწყალებულებს შორის გიორგი მამალაძე.

აქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდო,თ, ვინაიდან საპატრიარქოს სხვა ფორმატი არ აქვს.

"არ გვაქვს კიდევ ერთხელ დაინტერესების ფორმატი, ჩვენ გავაგზავნეთ შუამდგომლობა, ეკლესიას ნუ განვიხილავთ, როგორ რაღაც მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციას, რომელსაც შეუძლია პროტესტი მოაწყოს და კარვები გაშალოს. მსგავსი რამ არ იქნება. ჩვენ მივმართეთ და ეს არის ფორმატი, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა", - თქვა ჯაღმაიძემ.

_______________________________________________________________________________________

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. სინოდის სხდომის მდივნის, მეუფე დანიელის თქმით, მიზეზი დეკანოზის "ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობაა"

კომენტარები