ირანი

ირანის მთავრობა: 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შეზღუდვებს აღარ დავემორჩილებით

EPA

ირანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილებიან და ურანის გამდიდრებაზე დადგენილ ლიმიტებს აღარ დაიცავენ.

"ირანი გააგრძელებს ბირთვულ გამდიდრებას ლიმიტების გარეშე და მის ტექნიკურ საჭიროებებზე დაყრდნობით." ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ ქვეყანა შეთანხმებას ტოვებს. მასში აღნიშნულია, რომ ირანი გაეროს ატომური ენეგრიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას განაგრძობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნოემბერში მათ სააგენტოს ინსპექტორს ნოემბერში აკრედიტაცია გაუუქმა და ნატანზის ლაბორატორიაში, სადაც ურანის გამდიდრება ხდება, შესვლის უფლება არ მისცა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი შეთანხმების პირობების შესრულებას მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც მისგან ბენეფიტებს მიიღებს.

აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ 2018 წელს დატოვა და ირანს 2015 წელს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა. მიუხედავად იმისა, რომ ირანი ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსაუხრება, აშშ-მა ქვეყანა შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

ამის შემდეგ ირანი შეთანხმების პირობებს ნელ-ნელა ტოვებდა, მათ შორის გასულ თვეებში მათ განაცხადეს, რომ ფორდოს ბირთვულ ლაბორატორიაში 1,044 ცენტრიფუგაში ურანის გაზის შეყვანას დაიწყებდნენ. მანამდე ირანის ბირთვული პროგრამის დირექტორმა თქვა, რომ IR-6 ცენტრიფუგების რაოდენობა გააორმაგეს. ამ ტიპის ცენტრიფუგებს ურანის ათჯერ სწრაფად გამდიდრება შეუძლია, ვიდრე IR-1 ტიპის ცენტრიფუგებს. ირანელი მეცნიერები ასევე მუშაობენ IR-9 ტიპის ცენტრიფუგებზე, რომლებიც, მათი თქმით 50-ჯერ სწრაფად იმუშავებს.

ამჟამად ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებს. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო, თუმცა 4.5%-მდე გამდიდრება ირანს საშუალებას აძლევს ბუშეჰირის ბირთვული რეაქტორი ამუშავოს.

მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თქვა, რომ ირანი შეთანხმებას ნაწილობრივ დატოვებდა, დაიტოვებდა გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდდა.

შეთანხმების წევრი სხვა ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე შეთანხმების შენარჩუნებას ცდილობდნენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ბრიუსელში ბირთვულ შეთანხმებასა და გენერალ ყასემ სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ რეგიონში სიტუაციის დეესკალაციაზე სასაუბროდ მიიწვია.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი შეთანხმდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დეესკალაციაზე იმუშავებენ, თუმცა ჯონსონმა თქვა, რომ სოლეიმანის სიკვდილს არ იგლოვებს. ჯონსონის თქმით სოლეიმენი ყველას ინტერესისათვის საფრთხეს წარმოადგენდა.

კომენტარები